"თქვენმა ღრმად პატივცემულმა გაქცეულმა ლიდერმა, უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმენით გააუქმა - ამის შემდეგ განათლებაზე თქვენ საერთოდ როგორ სვამთ კითხვებს? დღეს თავიდან იწყება მთელი იმ სისტემის აწყობა, რასაც შეიძლება თვეები და წლები დასჭირდეს." - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ამ განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "საქართველოსთვის" დეპუტატებს მიმართა.

მინისტრმა  შს სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორობის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ გახარიამ უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში "ერთი ხელის მოსმით გააუქმა."   

"მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ. წლების განმავლობაში პოლიციის აკადემიაში აწყობილი იყო უმაღლესი მიმართულების პირველი და მეორე საფეხური - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. მე მაშინ ვიყავი პოლიციის აკადემიის რექტორი და ძალიან ვამაყობ იმით, რომ ვიყავი ამ უწყების ხელმძღვანელი. ჩვენ ვემზადებოდით პირველად საქართველოს ისტორიაში, რომ შემოგვეტანა საპოლიციო უმაღლესი განათლების მესამე საფეხური- სადოქტორო პროგრამა.

თქვენმა ღრმად პატივცემულმა გაქცეულმა ლიდერმა, უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმენით გააუქმა - ამის შემდეგ განათლებაზე თქვენ საერთოდ როგორ სვამთ კითხვებს? დღეს თავიდან იწყება მთელი იმ სისტემის აწყობა, რასაც შეიძლება თვეები და წლები დასჭირდეს.

უფრო მეტიც, როცა პარლამენტში გიორგი გახარიას მოსმენა იყო, ისე რომ ამის შესახებ არც მე ვიცოდი და არც ერთმა სტუდენტმა, რომელიც პოლიციის აკადემიის პირველ და მეორე საფეხურზე სწავლობდა, გახარიამ პირდაპირ განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების მიმართულების გაუქმებას აპირებდა, რასაც ახალგაზრდებში ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა - მათ თქვეს, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე კი არ უნდოდათ ჩაბარება, არამედ სპეციფიკური საპოლიციო მიმართულებით. ეს პროცესი რომ დაინახა, შეეშინდა, გადათქვა, ახალგაზრდებს შემოუთვალა, რომ არაფერი მსგავსი არ იქნება და ყველაფერი შენარჩუნებული იქნებაო. რამდენიმე თვეში კი გააუქმა.

ვიცი რომ არ მოგწონთ, მაგრამ მთელმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში რომ არ არის უმაღლესი განათლების მიმართულება და მინისტრი თავიდან აწყობს მთელ ამ მიმართულებას, ეს არის თქვენი გაქცეული ლიდერის დამსახურება,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.