"44 კითხვიდან 9 კითხვა აბსოლუტურად სცდება იმ მანდატს, რასაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ემსახურება" - ასე მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში, ფრაქცია "საქართველოსთვის" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

"ფრაქციამ "საქართველოსთვის" დასვა 44 შეკითხვა ინტერპელაციის ფორმატში. ალბათ არავის ახსოვს ასეთი რაოდენობის კითხვები და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ როგორ კომპეტენციისგან დაცლილი არიან ეს ადამიანები. ჩვენ პარლამენტში გვყავს ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან რომელ სამინისტროს რა კითხვით უნდა მიმართონ. 44 კითხვიდან 9 კითხვა აბსოლუტურად სცდება იმ მანდატს, რასაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ემსახურება.

ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეხუთე კითხვა, კითხვის ავტორებმა არც კი იცოდნენ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კომპეტენციას არ ეკუთვნოდა. ეს არის ის რეალობა, რაზეც ვსაუბრობთ და კიდევ ერთი, საერთოდ არც ერთი კითხვა არ არის დასმული პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანების მიზანი არის, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე, რაღაც მანიპულაციური და სპეკულაციური ხასიათით შემოიფარგლონ,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.