დღეს, ისე, როგორც არასდროს, საქართველოს მიშას ენერგია სჭირდება იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში, მოვიზიდოთ ინვესტიციები, გატარდეს ფუნდამენტური რეფორმები და ქვეყანა წინ წავიდეს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ყრილობაზე განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, არჩევანს ყველანი ერთად გავაკეთებთ - საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და თქვენ ხართ ამის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები. მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მკაფიოდ, რომ ამ გაერთიანების მთავარი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს გამარჯვებასთან ერთად თავისუფალი იქნება მიხეილ სააკაშვილი და ჩვენ საბოლოო ჯამში, მივაღწევთ წარმატებას. დღეს, ისე, როგორც არასდროს, საქართველოს მიშას ენერგია სჭირდება იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში, მოვიზიდოთ ინვესტიციები, გატარდეს ფუნდამენტური რეფორმები და ქვეყანა წინ წავიდეს. ჩვენ ყველამ ერთად, ერთ გუნდად უნდა ვიმუშაოთ. აღარ არის დრო იმის, რომ კიდევ გარჩევები დავიწყოთ. ძალიან ცოტა დარჩა არჩევნებამდე და გამარჯვება თავისით არ მოვა. მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით, მუხლჩაუხრელი შრომით გამარჯვებას მივაღწევთ და ამის ფუნდამენტი დღევანდელი დღე იყოს. დღეიდან გადავდოთ ყველაფერი გვერდზე და გვახსოვდეს ერთი რამ - სამშობლოს ვეიმედებით ჩვენ. საქართველოს ვეიმედებით ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებს ვეიმედებით ჩვენ, ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ იზეიმოს საქართველომ. გვჯერა, რომ საქართველოს შევიყვანთ ევროკავშირში, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ევროკავშირის პასპორტი, უვიზოდ ვივლით აშშ-ში და აუცილებლად ხელს ჩამოვართმევთ მსოფლიო ლიდერებს, იმ შეკრებებზე სადაც საქართველოს ექნება ღირსეული ადგილი“, - განაცხადა ვაშაძემ.