საგარეო უწყებაში ევროკავშირის ელჩის დაბარება მორიგი უპასუხისმგებლობა იყო, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩი საქართველოს არ ემუქრება.

„ინტერპელაციის ფორმატის დროს მაკა ბოჭორიშვილმა რა იკადრა, გახსოვთ. მან ევროკავშირს ბრალი დასდო, თითქოს, მათ გამო არის შეჩერებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ნაცვლად იმისა, რომ პასუხიმგებლობა თავის თავზე აეღო. თუ ვინმე წარსულში გვაბრუნებს და საქართველოს მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ მიდის და ამ თვალსაზრისით რისკებს ქმნის, „ოცნებაა“. ევროკავშირის ელჩი საქართველოს არ ემუქრება. „ოცნების“ ხრიკია, რომ ევროკავშირის ელჩისგან მტრის ხატი შექმნას. ყველა კარგად ხედავს, რამხელა დამსახურება აქვს ევროკავშირს საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის. მას სწორედ ამ ქვეყნის დემოკრატიის განვითარება აინტერესებს და მეტი არაფერი. მაკა ბოჭორიშვილს არ ახსოვს, რა ვალდებულებები აიღო საქართველომ, როცა ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მიანიჭა? რომელ ცხრა დათქმაზე იყო საუბარი? – ეს პირობები არათუ შეასრულეს, რადიკალიზაციის გზით წავიდნენ. პიარულად რომ დასჭირდათ, თითქოს, მტერია ჰერჩინსკი, ახლა შეხვდნენ, რაც აბსურდია. საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული რეჟიმი ემუქრება და არა, ევროკავშირის ელჩი“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.