გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში პასუხს სცემს პოლიტოლოგ გია ნოდიას იმ სტატუსზე, რომელიც ამ უკანასკნელმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

ეკა კუპატაძე: Ghia Nodia მე გიგა ავალინის დედა ვარ.

მაინტერესებდა თქვენი პოსტი, რადგან იმ რაღაც 10 თვიანი მინისტრობის დროს, ჩემთვის, როგორც რიგითი მასწავლებლისთვის, თქვენ ავტორიტეტი იყავით. 

შესაბამისად მაინტერესებდა იმ ადამიანის აზრი, ვისაც ვაფასებდი.
პოსტის კითხვა შევწყვიტე, "მასწავლებელი მამრი" რომ წავიკითხე.

თქვენ გაქვთ უფლება, საკუთარი აზრი გქონდეთ და გამოხატოთ კიდეც, ნებისმიერ თემაზე, მაგრამ ვინ მოგცათ უფლება, რომ ჩემს შვილს "მასწავლებელი მამრი" უწოდოთ?!

სხვა რამის თქმას ამის დამწერი ადამიანისთვის, აზრი არ აქვს, უბრალოდ ვწუხვარ, თქვენ რომ განათლების სისტემა განდეს, თუნდაც 10 თვით. - წერს ეკა კუპატაძე. 

რაც შეეხება გია ნოდიას სტატუსს, შემდეგი შინაარსისაა: 

კოლექტიური სიგიჟე მგონია ეს ფეისბუქ-გასამართლებები: დღეს საბრალდებო სკამზე ან ეს 16 წლის გოგოა, სახელად ნია, ან ისინი, ვისაც მისი დაპატიმრება "გაუხარდა".
 
ამ გასამართლებებს ორი ტიპური ნიშანი ახლავს: 

(1) არაინფორმირებულობა. იმ გოგოს ბრალდება მკვლელობის წაქეზება - მაგრამ ვერავის მოჰყავს ზუსტი სიტყვები, რითაც  ეს „წაქეზება“ მოხდა. ეს კი გადამწყვეტია. თუ გოგომ (ჰიპოთეტურად) მეგობარს/მეგობრებს გაუზიარა წუხილი იმის გამო, რომ მამრი მასწავლებელი „იმნაირად“ აქცევს ყურადღებას (ისიც მნიშვნელოვანია, ზუსტად რა იგულისხმება „„ყურადღებაში“), ეს არანაირად არაა მკვლელობის წაქეზება (თუნდაც, რეალურად, საბოლოოდ ამ გაზიარებას მკვლელობა მოჰყოლოდა). თუ გოგომ ვინმეს ამ მასწავლელისთვის ჭკუის სწავლება სთხოვა, ეს უკვე სრულიად სხვა სიტუაციაა - თუმცა "მკვლელობის წაქეზებად ამის კვალიფიცირებაც შეიძლება საკამათო ოყოს - აქაც ზუსტი ფორმულირებებია მთავარი). თუ ვინმეს მაინცდამაინც ფეისბუქში უნდა სასამართლოს გამართვა, ეს კონკრეტული დეტალები უნდა იცოდეს და ამის საფუძველზე მსჯელობდეს. ეს ვერსად ვნახე.

(2) მორალური აბსოლუტიზმი. ზოგი უკიდურესად აღშოთებულია, რომ ვი\ღაცა მოკლულის დედას სათანადოდ არ თანაუგრძნობს და ეს უკიდურეს ბოროტებად მიაჩნია; სხვა ასევე აღშფოთებულია, „16 წლის გოგოს დაჭერა რატომ გიხარიათო“, და ეს მიაჩნია უკიდურეს ბოროტებად. მაგრამ უპირობო და აბსოლუტურ მხარდაჭერას არავინ იმსახურებს: არც შვილმკვდარი დედა, არც 16 წლის გოგო და არც თუნდაც მოკლული მასწავლებელი (თუმცა მისი მკვლელი ნებისმიერ შემთხვევაში სათანადოდ უნდა დაისაჯოს). .
  
ვერც მოკლული შვილის დედობა და ვერც 16 წლის გოგოობა არგუმენტი ვერ იქნება. შვილკმვდარი დედა, სწორედ იმიტომ, რომ ჯოჯოხეთი გამოიარა, ვერ იქნება ობიექტური მსაჯული გოგოს მიმართ, ვისმა ნათქვამმაც, თუნდაც უნებლიედ, საბოლოოდ მკვლელობა გამოიწვია. მეორეს მხრივ, თუ 16 წლის ადამიანმა, (სქესს არა აქვს მნიშვნელობა) დანაშაული ჩაიდინა, მან ამაზე პასუხი უნდა აგოს (შესაძლოა, რამდენადმე სხვა წესით, ვიდრე სრულწლოვანმა). 

ერთადერთი ვალიდური კითხვაა - რეალურად ჩაიდინა თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული ამ გოგომ. მაგრამ ამის კონკრეტული არგუმენტი ფეისბუქის ტრამალებში ვერ ვნაზე (თუ რამე გამომრჩა, გთხოვთ მიმითითოთ). 

მართლმსაჯულების სისტემას რომ არ ვენდობით (სამწუხაროდ, ამის საფუძველი გვაქვს), პრობლემის კიდევ სხვა განზომილებაა; მაგრამ ეს არ ნიშნავს, ის ფეისბუქით ჩავანაცვლოთ. - წერს ნოდია.

შეგახსენებთ, პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა. 

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ცნობისთვის, 2026 წლის 1 ივლისს შსს-მ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავა 

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა.

2026 წლის 2 ივნისს გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ ანი ნასყიდაშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე

2026 წლის 8 აპრილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ათი წლითა და ექვსი თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც, მისივე გადმოცემით, მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს – გიორგი რიკაძეს, დემეტრე ჩიქოვანს და მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

პროკურატურის ცნობით, 2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ თავდასხმის მოსაწყობად შექმნილი, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

გამოძიების ინფორმაციით, ზემოთ ხსენებული პირების მიერ შემუშავებული გეგმა ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ 1-ელ ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს. კერძოდ, დაახლოებით 22:20 საათზე თბილისი, ზღვის უბნის დასახლების, მე-11 მიკრო რაიონის, მე-3 კვარტლის, №56 ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.