გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი ქეთევან ვარდანაშვილი საქმესთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.
"მართლმსაჯულება არ შეიძლება დაექვემდებაროს საზოგადოებრივი ბრბოს ემოციებს, ზეწოლას ან წინასწარ შექმნილ საზოგადოებრივ უარყოფით განწყობებს.
სასამართლოს დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ კანონის, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და საკუთარი შინაგანი რწმენის საფუძველზე და არა საზოგადოების ნაწილის მოთხოვნის, ხმაურის ან ზეწოლის გავლენით.
განსაკუთრებით საშიშია პრეცედენტი, როდესაც საზოგადოებრივი ემოცია და კერძო „მსაჯულების“ მიერ გამოტანილი წინასწარი განაჩენი სასამართლო პროცესზე გავლენის მომხდენ ფაქტორად იქცევა. სასამართლო არ არის ადგილი, სადაც გადაწყვეტილებას ბრბოს განწყობა უნდა განსაზღვრავდეს. სასამართლოს დანიშნულება სწორედ ის არის, რომ ემოციებისგან, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ზეწოლისგან დაცულმა, კანონის საფუძველზე განახორციელოს მართლმსაჯულება.
თუ მოსამართლე იძულებული ხდება გაითვალისწინოს არა კანონის მოთხოვნა, არამედ ქუჩის, სოციალური ქსელების ან საზოგადოების ნაწილის შეფასება, ამით საფრთხე ექმნება არა მხოლოდ კონკრეტული საქმის სამართლიანად გადაწყვეტას, არამედ მთლიანად სასამართლოს დამოუკიდებლობას.
დღეს შესაძლოა ეს კონკრეტული ადამიანის მიმართ ხდებოდეს, მაგრამ ხვალ იგივე პრინციპი ნებისმიერი ჩვენგანის წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული. დამოუკიდებელი მოსამართლე არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ადამიანს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავისას, საზოგადოების ზეწოლის პირობებშიც კი, ექნება სამართლიანი სასამართლოს იმედი.
ამიტომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ნებისმიერ პრაქტიკას, რომელიც ქმნის განცდას, რომ გადაწყვეტილებას არა კანონი და მტკიცებულებები, არამედ საზოგადოებრივი ზეწოლა განსაზღვრავს.
მართლმსაჯულება ვერ იარსებებს იქ, სადაც მოსამართლეს საზოგადოების ხმაურის ეშინია.
სასამართლო უნდა იყოს კანონის ხმა და არა ბრბოს ხმა.
დღეს შექმნილი ნებისმიერი საშიში პრაქტიკა ხვალ შეიძლება იქცეს სისტემურ პრობლემად. ამიტომ სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა აუცილებელია არა მხოლოდ ერთი საქმისთვის, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემისა და თითოეული მოქალაქის უფლებების დასაცავად.
მოსამართლის, მზია გარშაულიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება(განჩინება/განჩინებები) არასრულწლოვანი ბავშვის ა.ბერუაშვილის დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის განსაზღვრის შესახებ, არ იყო დამოუკიდებლად მიღებული რეზულტატი" - წერს ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი.
შეგახსენებთ, 2026 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქოს სასამართლომ ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით "შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბრის თვეში ნია იმნაძემ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან. ბრალდებულმა ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან, გიორგი მალანიასთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად აღნიშნული წაქეზების სისრულეში მოყვანა განიზრახა. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩადენისთანავე, გიორგი რიკაძე დაუკავშირდა თავის მეგობარ ანასტასია ბერუაშვილს და შეატყობინა გიგა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმისა და დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია ბერუაშვილისათვის ცნობილი იყო გიგა ავალიანის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, მან ამის თაობაზე არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
სამართალდამცველებმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს. ნია იმნაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, 2026 წლის 1 ივლისს შსს-მ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა.
2026 წლის 2 ივნისს გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ ანი ნასყიდაშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე
პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც, მისივე გადმოცემით, მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს – გიორგი რიკაძეს, დემეტრე ჩიქოვანს და მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
პროკურატურის ცნობით, 2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ თავდასხმის მოსაწყობად შექმნილი, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
გამოძიების ინფორმაციით, ზემოთ ხსენებული პირების მიერ შემუშავებული გეგმა ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ 1-ელ ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს. კერძოდ, დაახლოებით 22:20 საათზე თბილისი, ზღვის უბნის დასახლების, მე-11 მიკრო რაიონის, მე-3 კვარტლის, №56 ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.












