გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლებს უწყების ახალი დირექტორი ლევან ჯღარკავა წარუდგინა.
მინისტრმა ლევან ჯღარკავას ახალი თანამდებობა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელებისთვის ცვლილებები და ახალი მიდგომებია აუცილებელი. ლევან ჯღარკავას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციებზე. დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება და პროფესიული ცოდნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ყოფილ დირექტორს, ირაკლი გულედანს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, ირაკლი გულედანის პროფესიული გამოცდილება და ლაბორატორიის განვითარებაში შეტანილი წვლილი დასაფასებელია, შესაბამისად, ის საქმიანობას კვლავ სამინისტროს სისტემაში გააგრძელებს.
ლევან ჯღარკავას საჯარო სექტორში საქმიანობის მრავაწლიანი გამოცდილება აქვს. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორად დანიშვნამდე ის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა თბილისის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის დირექტორის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, დიდუბის რაიონის გამგებლისა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პოზიციებს.
ლაბორატორიის ახალმა ხელმძღვანელმა მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დასახული ამოცანების შესრულებაზე აქტიურად იმუშავებს, რაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოს მასშტაბით 13 ლაბორატორიითაა წარმოდგენილი და მომხმარებლებს 500-მდე სახის კვლევას სთავაზობს. ლაბორატორიაში მუდმივად ინერგება კვლევის თანამედროვე მეთოდები, ფართოვდება ლაბორატორიული შესაძლებლობები და მიმდინარეობს მუშაობა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.









