აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

მთავრობის თავმჯდომარემ მერისი-ნამონასტრევის მიმართულებით  საგზაო ინფრასტრუქტურის, სოფელ მერისის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო პროცესი და ასევე, ქედის ცენტრალურ პარკში სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი კედლის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.

ზურაბ პატარაძის განცხადებით,  აქტიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებით მიმდინარეობს და გზების, საკომუნიკაციო არტერიების მოწესრიგება მაღალმთიანეთის გაძლიერებისთვის,  მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

„ჩვენი ხედვა მთიანი აჭარის გაძლიერებას უკავშირდება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებიც. მერისის ხეობაში მერისი-ნამონასტრევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობას გავეცანით. ახალი გზა მერისის ხეობას შუახევის მუნიციპალიტეტთან, ღომას მთასთან დააკავშირებს, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის გადაადგილებას და მნიშვნელოვნად გაზრდის მუნიციპალიტეტის ტურისტულ შესაძლებლობებს. მაღალმთიანი აჭარის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამართული ინფრასტრუქტურა და საგზაო ქსელი. მერისის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კი სრულად განახლდება სასწავლო გარემო და სკოლა თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება და მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ განათლება თანამედროვე, კეთილმოწყობილ გარემოში მიიღონ. დღესვე შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას და არსებულ საჭიროებებსა და მიმდინარე პროექტებზე ვისაუბრეთ. მსგავსი პროექტებით ვქმნით უკეთეს პირობებს მოსახლეობისთვის და ვაძლიერებთ რეგიონს" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში 3,3 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. გზის გარკვეულ მონაკვეთზე უკვე დაგებულია არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი, ამჟამად კი ხელოვნური და დამცავი ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება. განახლებული გზა გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ტერიტორიის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას. პროექტისთვის 3,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

პარალელურად, მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ მერისის ფრიდონ თურმანიძის სახელობის საჯარო სკოლაში, რომლის კონტინგენტი შეადგენდა 100-მდე მოსწავლეს, ხოლო განახლებული შენობა 300-მდე მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება შიდა სივრცეები. ასევე, კეთილმოეწყობა საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა,  მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟდება სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

დღესვე, მთავრობის თავმჯდომარე ფრიდონ ხალვშის სახელობის ცენტრალურ პარკში გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი კედლის აღდგენა-გამაგრების სამუშაოებს გაეცნო, რომლის დასრულებაც  წლის ბოლომდე იგეგმება. ზურაბ პატარაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და ქედის განვითარების პრიორიტეტებზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავარ ამოცანად სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარება, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა და მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და გამოყენება რჩება.

ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა შავაძე, მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ