ყველა ქვეყნის მაგალითი საინტერესოა, მით უმეტეს, ისეთი მაგალითები, რომლებიც ადასტურებს, რომ ავტოკრატიული რეჟიმების პირობებშიც შესაძლებელია ბრძოლა და ამ რეჟიმების მშვიდობიანი გზით შეცვლა. თუმცა ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის უნგრეთის მაგალითში ახალი არაფერია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ყოველთვის ადასტურებდა საქმით, რომ არჩევნები ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზაა.
„რომელიმე ოპოზიციონერმა ლიდერმა ან პარტიამ ეს ახლა თუ აღმოაჩინა და ამის მისახვედრად მაინცდამაინც უნგრეთის მაგალითი დასჭირდა, მათი პრობლემაა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, და, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუ ისინი დღეს რეალურად ამ აზრზე არიან. უბრალოდ, მათ არჩევნებში შესვლა გაცილებით სუსტი პოზიციებიდან მოუწევთ. მათი გადაწყვეტილება იყო, როდესაც მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტით — რომელსაც მაშინაც სრულიად უპასუხისმგებლო და არაფრისმომცემ ნაბიჯად ვაფასებდით — მათ 64-ვე მუნიციპალიტეტში, ფაქტობრივად, გადაულოცეს ადგილობრივი ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“. დღეს კი საკრებულოდან ამბის გამომტანიც აღარ არის. იმ დროს, როდესაც გვქონდა რეალური შანსი, რომ ერთობლივი ბრძოლით მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში გადამწყვეტი ხმის უფლება ოპოზიციას ჰქონოდა. უნგრეთის მაგალითი იმასაც ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა. სად, თუ არა საკრებულოებში უნდა წყდებოდეს ჩვენი მოქალაქეების პრობლემები. ეს საკრებულოები მიაგდეს და იმის ღირსადაც არ ჩათვალეს, არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ.
ამ უპასუხისმგებლო საქციელის შემდეგ, პირიქით, ჩვენ გვამუნათებდნენ, გვაშანტაჟებდნენ, რას აღარ გვეძახდნენ იმის გამო, რომ პოლიტიკურმა პარტიამ გავბედეთ და არჩევნებში მონაწილეობა მივიღეთ. ყველა პარტიის მთავარი საქმეა არჩევნებში მონაწილეობა. დღეს თურმე უნგრეთის მაგალითი დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ არჩევნები ერთადერთი გზაა. მათ შანსებზე თავად ისაუბრონ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და თანმიმდევრულად მივყვებით. ამას ვადასტურებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. მათ შემთხვევაში კი სრულიად საპირისპიროს ვხედავთ. ეს არ არის არც კრიტიკა და არც თავდასხმა, უბრალოდ ფაქტებია. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ მოუწოდებდა ხალხს, არჩევნებზე არ წასულიყვნენ. მისი სიტყვები იყო: „არ წახვიდეთ არჩევნებზე, არჩევნებზე წასვლის ნაცვლად მოდით რუსთაველზე“. და რა ელოდა ხალხს რუსთაველზე? რა იყო დაანონსებული? – „მშვიდობიანი დამხობა“. 4 ოქტომბერს ამ „მშვიდობიანმა დამხობამ“ რა შედეგი მოიტანა, კარგად ვნახეთ. დასუსტებული ოპოზიცია, გაძლიერებული ავტოკრატიული რეჟიმი და დამატებით ათეულობით პოლიტპატიმარი, რომელთა უმრავლესობა, ჩვენი შეფასებით, უდანაშაულოდ იხდის სასჯელს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.









