რუსეთმა 8 აგვისტოს ღამით უკრაინისკენ 6 ბალისტიკური რაკეტა და 151 დრონი გაუშვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, "ისკანდერ-მ" და C-400 ტიპის 6 რაკეტიდან ვერცერთი ვერ ჩამოაგდეს. დამრტყმელი დრონებიდან კი 135 გაანეიტრალეს. თავდასხმის შედეგად კიევის ოლქის ბროვარის რაიონში 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 8 აგვისტოს ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ "ისკანდერ-მ" ბალისტიკური და C-400 ზენიტური რაკეტები, ასევე 151 სხვადასხვა ტიპის დრონი გამოიყენა.

09:00-ის მდგომარეობით, საჰაერო თავდაცვამ 135 დრონი განეიტრალა (გაანადგურა ან განეიტრალა). დაფიქსირდა დარტყმები 12 ლოკაციაზე. ჩამოგდებული სამიზნეების ნამსხვრევები კიდევ 7 ლოკაციაზე დაეცა.

"რამდენიმე რაკეტამ მიზანს ვერ მიაღწია. ინფორმაცია ზუსტდება" - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.

ასეთი ტიპის განცხადებები უკრაინის მხრიდან ბოლო დღეებში უკვე სისტემურ ხასიათს იღებს. კიევი ღიად აღიარებს: ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო შეიარაღება პრაქტიკულად ამოწურულია. დასავლეთი კი საჭიროებაზე გაცილებით ნაკლებს აწვდის და ამას სხვადასხვა მიზეზით ამართლებს. გასახსენებელია, რომ ომის პირველ თვეებში კიევისთვის ლეტალური შეიარაღების გადაცემაც კი შეუძლებლად მიიჩნეოდა (ამ მხრივ იმ პერიოდში არსებულ მდგომარეობის შესაფასებლად საკმარისია გავიხსენოთ, რომ 2022 წლის იანვარში, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების თავმოყრა დაიწყო, გერმანიამ უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე და მხარდაჭერის ნიშნად მხოლოდ 5 000 სამხედრო ჩაფხუტის გადაცემა დააანონსა, რასაც კიევის მერის ცნობილი ფრაზა - „რას გამოგვიგზავნის გერმანია შემდეგ ჯერზე? ბალიშებს? - მოჰყვა. მომდევნო  პერიოდში კი შულცმა არაერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების გადაცემა შეუძლებელი იყო, რადგან ეს მოსკოვთან გაზრდიდა „ესკალაციის რისკს"). მაშინ ითვლებოდა, რომ შეშფოთების გამოხატვა, ფინანსური დახმარებები, სანქციები და ამ ყველაფერთან ერთად რუსეთისთვის „კოჭის გაგორება", პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი იქნებოდა.

3.5 წლის შემდეგ სხვა სურათს ვხედავთ: ერთი მხრივ, კიევს რესურსები და მარაგები გამოელია, მეორე მხრივ, დასავლეთის დედაქალაქებში დახმარების პაკეტებზე შეხედულებები თითქოს შეიცვალა, მაგრამ კვლავ არაა ჩამოყალიბებული ერთიანი და რუსეთის შემაკავებლად საკმარისად ეფექტური პოზიცია. ვაშინგტონში პრიორიტეტები შეიცვალა, ბერლინში ფრთხილობენ, ხოლო ვარშავაში კვლავ ამბობენ: „ვაძლევთ ყველაფერს, რაც გვაქვს".

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ