დღეიდან იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება იწყება, საიდანაც 2014 წელს არასრულწლოვანი, გურამ დადიანიძის კვალი გაქრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასთან ადასტურებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, დღეიდან კიდევ ერთხელ შეამოწმებენ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.

მათივე ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.

შეგახსენებთ, 2014 წელს   17 წლის გურამ დადიანიძე გაუჩინარდა. დედა მას 12 წელია უშედეგოდ ეძებს.

როგორ გაუჩინარებული ბიჭის დედამ გადაცემაში "შენი ამბავი" თაიასთან განაცხადა, 2014 წელს თბილისიდან ლომისობაზე მლეთაში ახალგაზრდების დაახლოებით 14-კაციანი ჯგუფი წავიდა, რომლებსაც ახლდათ გურამ დადიანიძის  მამიდის ახლობელი. მიკროავტობუსი ისე დაბრუნდა თბილისში, რომ მათ გურამ დადიანიძე არ ჩამოყოლიათ. 

პირველადი ვერსიით, გურამ დადიანიძესთან ერთად მყოფები ჰყვებოდნენ, რომ ის ქვაზე ჩამოჯდა, მთიდან ჩამოსული მათ უთხრა, რომ გზა გაეგრძელებინათ და დაეწეოდა, თუმცა ქვემოთ მდგარ მიკროავტობუსში აღარ დაბრუნდა.

გურამ დადიანიძის დედის სოფიო ბიბილაშვილი ამბობს, რომ  ჯგუფი თბილისში ჩავიდა და მისი ბიჭის მამიდას უთხრეს, რომ გურამს გზა აერია და ჰკითხეს, ხომ არ მისულა მასთან.

სოფიო ბიბილაშვილი აზრით, მის შვილთან ერთად მლეთაში მყოფებმა გამოძიება შეცდომაში შეიყვანეს - მისი შვილი სავარაუდოდ, ქვაზე არ ჩამოჯდა და მაღლა, მთიდან ჩამოსვლამდე დაიკარგა.

დედა ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, მის შვილს მთის ფერდობიდან ჩამოსვლის დროს ფეხი დაუცდა შემდეგ კი იმ დღეს მოსულმა მეწყერმა ჩაიტანა.

შსს-ს განცხადებით,  გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის გამოკითხვა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოიკითხა 20-ზე მეტი პირი.