უპრინციპობა, შავრაზმელობა, ოპორტუნიზმი, ნებისმიერ ფასად ტივტივი, ბელადის უპირობო ლიდერობა, ყველას მხრიდან, ვინც არ უნდა იყოს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა და რის გამოც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სააკაშვილთან ჩვენი გზები გაიყო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იწვევს დეგრადაციას, რომლითაც შემდეგ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ეფექტურად სარგებლობს.
„იმ მარაზმს და უპრინციპობის, პოპულიზმისა და ოპორტუნიზმის ნაზავს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით და მის გარშემო ხდება, აღარ სჭირდება დეტალური, თუ ცალკეულ გამონათქვამებზე შეფასება. ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ცნობილია. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ჩვენთვის, „ევროპული საქართველოსთვის“ მთავარი საკითხი იყო, რომ პოლიტიკაში, ცხოვრებაში უპირობო ლიდერები არ შეიძლება არსებობდნენ. უპირობო ლიდერი არის ივანიშვილი თავისი პოლიტიკური არარაობის გარემოცვისთვის. ანუ, მნიშვნელობა არ აქვს, რას იზამს, მაინც გაყვებიან და სადაც ეს ასეა, იქ საქართველოს თავისუფლება, უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული. ამიტომ გაიყო ჩვენი გზები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას განცხადებით, „ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის სისუსტე განპირობებულია სწორედ იმ უპრინციპობით, ოპორტუნიზმით, შავრაზმელი პოპულიზმით, რაშიც ეჯიბრება „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის უპირობო ლიდერობით“.
„ოცნებას“ რომ მოუგო, მორალური უპირატესობა უნდა გქონდეს. მორალურ უპირატესობას საფრთხეს უქმნის ის, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვხედავთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.