ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სეგრეგაციას, არამედ ხდება გარკვეული თემის შემოტანა – საუბარი გვიწევს უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა ფეხბურთის ნაკრების წევრებისა და ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების საკითხზე.
მისი თქმით, გარკვეული თემები პოლიტიკური დისკუსიის საგნად იქცა.
„ცუდი დასკვნების გაკეთება შეიძლება, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხდება ისეთი თემების შემოტანა, რაც პოლიტიკური დისკუსიის საგნად იქცა. ყველა ვცდილობთ, ჩვენს გუნდს ავარიდოთ გარკვეული ფსიქოლოგიური სტრესები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების საკითხთან დაკავშირებით 13 ივნისს განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიმდინარე წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები, რითიც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები. ამავე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ჯილდოების გადაცემის ცერემონია სექტემბერში გაიმართება.
მოგვიანებით პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულებიდან ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 53 წარმომადგენლიდან 19 არ დააჯილდოვა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ, 16 ივნისს გაავრცელა მორიგი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა“.