მზად ვართ, ამერიკასთან პარტნიორობა შევავსოთ კონკრეტული ნაბიჯებით, მაგრამ უკმაყოფილებას წარმოშობს, როდესაც ამბობენ, რომ, ამის სანაცვლოდ, ხმა არ უნდა ამოიღო,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკელი მაღალჩინოსანი ო’ბრაიენი იმყოფებოდა საქართველოში, გაგვიჩნდა მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან ვინმე განაცხადებდა, რომ გამჭვირვალობაში არავითარი პრობლემა არ არის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკაში ჩართვა დაუშვებელია. მით უმეტეს, ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას აქვს და ყველა ნიშნით ახლოსაა დესტაბილიზაციასთან. რასაკვირველია, არჩევნებიც ჩატარდება მაღალ დონეზე და არაფერი არაევროპული, არადასავლური ამ კანონს არ აქვს. საქართველოს ხელისუფლება არასდროს დაუშვებს, რომ რუსული ინტერესების გათვალისწინებით რაიმე ნაბიჯი გადადგას.

ჯერჯერობით ეს შეუმდგარი და განუხილველი პროექტი არაფერს წარმოადგენს იმ საფრთხეებთან შედარებით, რასაც გაუმჭვირვალობა წარმოშობს. აქ დაისვა საკითხი სამხედრო დახმარების პაკეტთან დაკავშირებით, რაც ასევე საკმაოდ სერიოზულ შეკითხვას წარმოშობს, ვინაიდან განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იქნება დახმარება, შეიარაღება, რომელიც საქართველოს დაიცავს, აარიდებს რუსულ აგრესიას, რაც მართლაც რეალურია. ამავე დროს ვისმენთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ შეიარაღება აგვიანებს და ამ ვითარებაში უკრაინის მიერ გაღებული მსხვერპლი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ საჭირო შეიარაღება დროულად არ იყო მიღებული. ესეც წარმოშობს გაურკვევლობის თემას და შეკითხვებს. მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა შევავსოთ კონკრეტული ნაბიჯებით, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია, თუნდაც სამხედრო სფეროში დახმარება, სავაჭრო და ბიზნესურთიერთობებში ახალ ეტაპზე გადასვლა. ყველაფრისთვის მზად ვართ, მაგრამ გარკვეულ უკმაყოფილებას წარმოშობს, როდესაც ამბობენ, რომ, ამის სანაცვლოდ, ხმა არ უნდა ამოიღო იმის შესახებ, რომ რევოლუციას მოწყურებული არასამთავრობო ორგანიზაციები იმ პროგრამებს განახორციელებენ, რაც უნდათ და სჭირდებათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.