ჩინეთთან ურთიერთობის თემის სპეკულაციებისთვის გამოყენება არასწორია, რაც სალომე ზურაბიშვილს ახასიათებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არასწორია არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ საქართველოსთან მიმართებაში, რადგან ეს არის მომავალი.

„სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, დამატებითი ცხელი თემა შეიქმნას. ჩინეთს ევროპასთან 800-მილიარდიანი ვაჭრობა აქვს. რუსეთს ევროპასთან სავაჭრო დერეფანი ჰქონდა გაჭრილი, ჩინეთის ინტერესია, რომ ალტერნატიული გზა შექმნას, რადგან აქამდე არსებული გზები ომის გამო აღარ მუშაობს, იმ აგრესიის გამო, რაც რუსეთმა უკრაინის მიმართ განახორციელა. ჩინეთთან ურთიერთობის თემის სპეკულაციებისთვის გამოყენება არასწორია, რაც სალომე ზურაბიშვილს ახასიათებს. ეს არასწორია არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ საქართველოსთან მიმართებაში, რადგან ეს არის მომავალი. სტაბილურობის გარანტია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ვაჭრობა, რითიც მსოფლიო უნდა განვითარდეს. სწორედ ამის ხედვას ემსახურება საქართველო თავისი საგარეო და საშინაო სტრატეგიით შუა დერეფნის რესურსის თვალსაზრისით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა 3 ივნისს „ქართული ქარტიის“ ხელმომწერ პოლიტიკოსებს მიმართა და თქვა, რომ „ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელი თუ ევროპელი პარტნიორებისთვის. ამიტომ ეს პროცესი არის ერთადერთი შანსი, რომ მოვახდინოთ ამ არჩევნების მოგება“.