რატომ ვანიჭებთ ასეთ დიდ მნიშვნელობას პოპულარული სპორტსმენის, მომღერლის, ან თუნდაც მწერლის პოლიტიკურ პოზიციებს? რატომ მიგვაჩნია ისინი უფრო დიდ მორალურ ან ინტელექტუალურ ავტორიტეტებად, ვიდრე რიგითი ტაქსისტი, ნოტარიუსი ან სტომატოლოგი? ნებისმიერს თანაბრად მოეთხოვება საღი სამოქალაქო პოზიციაც და თავისი კონკრეტული საქმის კარგად კეთებაც, მაგრამ ეს ორი რამ ერთი და იგივე ვერ იქნება. ეს ასეა, მაგრამ ამ შეგონების ჭკვიანური სახით ხშირი განმეორებაც გამაღიზიანებელია.- ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს. 

"პოლიტიკური თვალით რომ შეხედო, პოპულარული ადამიანების საჯაროდ გამოთქმულ პოზიციებს აქვს მნიშვნელობა. საზოგადოება მხოლოდ მყარი და თანმიმდევრული ხედვის მქონე ხალხისგან არ შედგება: ბევრი მერყევია ან პოლიტიკურ საკითხებში მართლა ვერ ერკვევა. მასზე საყვარელი ფეხბურთელის ან არტისტის ფრაზა უფრო იმოქმედებს, ვიდრე ექსპერტის პროფესიული მსჯელობა. არჩევნებზე კი ყველას ერთი ხმა აქვს. სხვა ამბავია, რომ, როგორც ვნახეთ, „თქვი რამეს“ კამპანიებიც არაა დიდად პრაქტიკული.

კაცს რომ ასე ნამუსზე ააგდებ კაცს და სათქმელს ძალით გამოგლეჯ, რაღაც ორჭოფულს და ბუნდოვანს იტყვის, არც მწვადს დაწვავს და არც შამფურს. ამ ნიშნით, ხვიჩა კვარაცხელიას და აკა მორჩილაძეს შორის არავითარი განსხვავება არ არის. სურვილი, რომ პოპულარული ადამიანები შენს პოზიციას იზიარებდნენ, სრულიად ბუნებრივია, მაგრამ მიწოლით და ნამუსზე აგდებით არაფერი გამოდის: ხანდახან ადამიანის პოზიციაა, პოზიცია არ ჰქონდეს." - წერს გია ნოდია.