სანქციების პაკეტში ჩვენ შევთავაზეთ ყულევის სასანქციო სიაში შეყვანა. როგორც იცით, ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელებთან, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, რუსული ნავთობისგან დივერსიფიკაცია მოახდინონ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, შივონ მაკგარმა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული პლატფორმების შეტანასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„გვინდა, ეს ვალდებულებები შესრულდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავუშვით ექვსთვიანი გადავადება, რათა ქარხნის მფლობელებს მიეცეთ შესაძლებლობა, რუსულ ნავთობისგან დივერსიფიკაცია მოახდინონ. კომისია თუ დაადგენს, რომ ეს ვალდებულებები შესრულებულია, მაშინ ყულევი სანქციების სიაში აღარ იქნება, ხოლო ვალდებულებები თუ არ შესრულდება, მაშინ ჩვენ საბჭოს შევთავაზებთ, ყულევის სანქცირებულთა სიაში დარჩეს. ეს არის ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ყულევთან დაკავშირებით“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, შივონ მაკგარმა.

რაც შეეხება კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, შივონ მაკგარის თქმით, პაკეტში ჩამოთვლილი ქართული პლატფორმების რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ აქვს.

„საერთო ჯამში, სიაში სულ 14 იყო, რომელთაგან რამდენიმე ქართულია. თუმცა, შემიძლია შუადღის შემდეგ ეს მონაცემები გადავამოწმო და ზუსტი რაოდენობა გითხრათ. რაც შეეხება ამ პაკეტში კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ ზომებს, ჩვენ რამდენიმე ღონისძიება შევთავაზეთ. პირველ რიგში, ინდივიდუალურად შევიყვანეთ სიაში რამდენიმე პლატფორმა, რომლებიც, ჩვენი აზრით, სისტემატურად გამოიყენება ჩვენი სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რათა რუსეთს საშუალება მიეცეს, ჩვენი სანქციების დარღვევით ფულის გადატანა განახორციელოს. ცხადია, ჩვენ გვსურს, ამგვარ ქცევას ბოლო მოეღოს. გარდა ამისა, ჩვენ ასევე შევიტანეთ ახალი ზომა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მომავალში სანქციების სიაში შევიყვანოთ ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც, ჩვენი შეფასებით, სისტემატურად მოქმედებენ კრიპტოპლატფორმები, რომლებიც სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება.

ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესდეს ტრანზაქციების აკრძალვა. შესაბამისად, ასეთი ქვეყანა, როგორც ჩვენ ვამბობთ, შეიძლება, SWIFT-ის სისტემიდან გამოითიშოს. ცხადია, ეს საკმაოდ ძლიერი შემაკავებელი ინსტრუმენტი იქნება, სწორედ ეს გვინდა, რომ მოხდეს. ჩვენ გვსურს, ქცევა შეიცვალოს. ეს მექანიზმი ჯერ არ აგვიმოქმედებია კონკრეტული მესამე ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა ის უკვე შევიტანეთ სანქციათა პაკეტში და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ მისი ამოქმედებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ კონკრეტულ ქვეყანას არ ვუმიზნებთ, მაგრამ მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სანქციების ყველა პაკეტში და ყოველ ახალ პაკეტში ვაძლიერებთ ზომებს იმ ფინანსური ინსტიტუტებისა და კრიპტოპროვაიდერების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი სანქციების 22-ე პაკეტი გააგრძელებს ამ ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას, რათა ვიხილოთ ქცევის რეალური ცვლილება“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის სანქციათა 21-ე პაკეტში მოხვდა ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სანქციების ამოქმედების ვადად ექვსი თვეა დასახელებული.

თარგმანი "საზოგადოებრივი მაუწყებელი"