წმინდა აღმსარებლისა და სალოსის, მამა გაბრიელის დაბადების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში წერს:
"საბჭოთა ეპოქის საქართველოში, სადაც რელიგიური რიტუალები წლების განმავლობაში იდევნებოდა, თითოეული ნათლობა ერთგვარ ფარულ აღსარებას ჰგავდა.
სწორედ ასეთ გარემოში, 1976 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდიამ ორმოცი დღის ცოტნეს მონათვლა გადაწყვიტა, იმდროინდელმა მაღალი საეკლესიო იერარქიის წარმომადგენლებმა რეჟიმის შიშით უარი თქვეს რიტუალის აღსრულებაზე. მაშინ, როცა ყველამ კარი მიუკეტა დისიდენტ გამსახურდიას, მხოლოდ ერთი კარი აღმოჩნდა ღია — წმინდა ბერი გაბრიელის პატარა, საკუთარი ხელით აშენებული იატაკქვეშა სამლოცველოს კარი, თბილისში, თეთრიწყაროს ქუჩაზე.
წარმოიდგინეთ თითქმის მისტიკური სცენა: პატარა, სანთლებით განათებულ ოთახში, რომელიც საბჭოთა მილიციისა და უშიშროების თვალისგან მალულად ინახავდა ქრისტიანულ სიწმინდეებს — ბერის მიერ ნაგავსაყრელებიდან შეგროვებულ და სიცოცხლედაბრუნებულ ხატებს, იდგა ორი დიდი ქართველი — ზვიად გამსახურდია და მამა გაბრიელი. ერთი — ერის თავისუფლებისთვის, მეორე კი სულის თავისუფლებისა და სიყვარულისთვის მებრძოლი, ფარულად აზიარებდნენ ნათლობის საიდუმლოს ჩვილ ცოტნეს.
მამა გაბრიელის მიერ ჩვილი ცოტნეს ემბაზში განბანა არ იყო მხოლოდ საეკლესიო წესის შესრულება. ეს იყო სიყვარულის, თავდადებისა და რეჟიმისადმი სულიერი წინააღმდეგობის აქტი, რომელიც სამუდამოდ დარჩა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, ამაღლებულ და სიმბოლურ ეპიზოდად.
ამ დიდებულ მომენტს ზვიად გამსახურდია თავისი ცოტნესადმი მიძღვნილი ლექსით გამოეხმაურა, რომელშიც მხურვალე, მამის ლოცვის ეტალონად ქცეულ ფრაზებს ვკითხულობთ:
…რომელმან იორდანესა ზედა ნათელ იღო წყალთაგან
გიხსნას მარად მგზნებარისა ჯოჯოხეთისა ალთაგან.
რომელმან კანას გალილეასა წყალი ჰქმნა ღვინოდ,
და ვინ ჩვენთა ცოდვათათვის ჯვარსა ზედა ივნო,
ჰგმოს ეშმა წყეული,
გყოს თვისი რჩეული,
მოგმადლოს ნათელი დასთა კრებისა
საგზლად ცხოვრებისა!..
სამი შვილიდან ზვიადმა მხოლოდ ცოტნეს მიუძღვნა ლექსი. გული უგრძნობდა, ალბათ…
დღეს, კომუნისტურ საქართველოში პირველი ბერად აღკვეცილი სალოსისა და მოგვიანებით ეკლესიისა და ხალხის მიერ წმინდანად შერაცხული, ცოტნეს მომნათლავი, მამა გაბრიელის დაბადების დღეა.
იმ დღეს მონათლულ პატარა ბიჭს კი, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება საკუთარი მამის მხურვალე ლოცვა…" - წერს ანა ჯაბაური.




