ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
4667,6 კვმ მიწის ფართობზე აშენდება ორსართულიანი თანამედროვე სტანდარტის ადაპტირებული 12 ჯგუფიანი შენობა. თითოეული ჯგუფი გათვლილია 25 ბავშვზე და ჯამში 300 აღსაზრდელს მოემსახურება.
პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ეზო საბავშვო ატრაქციონებითა და საბაღე ინვენტარით, დამონტაჟდება გარეგანათების სისტემა. ამ ეტაპზე დასრულებულია საძირკვლის მოწყობა და მიმდინარეობს პირველი სართულის ფილის მოწყობისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება. სამუშაოები დასრულების ვადად განსაზღვრულია 2027 წლის ივლისის ბოლო.
საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით ბათუმში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. ახლო მომავალში ბათუმს 9 ახალი და რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატება. გარდა ამისა, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება გონიოში, სადაც 200 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე, ორსართულიანი შენობა აშენდება.








