ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოპლატფორმები და ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა. 

შესაბამისი პრესრელიზი ევროკავშირის საბჭოს გვერდზე გამოქვეყნდა.

პაკეტი მოიცავს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომლებსაც ყველაზე დიდ გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და მის შესაძლებლობაზე, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

როგორც პრესრელიზში აღნიშნულია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე მასშტაბური ინდივიდუალური სანქციების პაკეტი – სულ 218 პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის 48 ფიზიკური პირისა და 170 იურიდიული პირის.

ევროკავშირის განცხადებით, ახალი პაკეტის მიზანია რუსეთის ეკონომიკისა და სამხედრო მანქანის შემდგომი დასუსტება. გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთის მიერ ბოლოს განხორციელებული სასტიკი სამხედრო დარტყმების შემდეგ, რომლებიც მიზანმიმართულად შეეხო სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, ენერგეტიკულ, წყალმომარაგებისა და ჯანდაცვის ობიექტებს, კულტურულ და რელიგიურ ადგილებს, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

ევროკავშირი აცხადებს, რომ გააგრძელებს რუსეთის მიმართ ზეწოლის შენარჩუნებას და გაზრდას, რათა მოსკოვმა შეწყვიტოს აგრესიული ომი და დაიწყოს რეალური მოლაპარაკებები სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ზომები რუსეთის ფინანსური და საბანკო სექტორის წინააღმდეგ. აქტივების გაყინვა და ფინანსური რესურსების მიწოდების აკრძალვა შეეხება 94 ბანკსა და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტს, ასევე რუსეთის საბანკო სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ფიგურას; ასევე გაფართოვდა ტრანზაქციების აკრძალვა დამატებით 33 რუსულ საკრედიტო და ფინანსურ ორგანიზაციისთვის.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ერთ ყირგიზულ ბანკს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფინანსური შეტყობინებების სისტემასთან, ასევე სამ სხვა უცხოურ ბანკს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობდნენ. ევროკავშირი ასევე აფართოებს ტრანზაქციების აკრძალვას 14 კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ პლატფორმის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში არიან დაფუძნებული. ამასთან, ევროკავშირს შემოაქვს შესაძლებლობა, სრულად აკრძალოს მესამე ქვეყნების კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული სერვისები, თუ ისინი რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება.

ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირმა დროებით შეაჩერა ნავთობის ფასის ზედა ზღვრის ავტომატური კორექტირების მექანიზმი 2027 წლის 15 ივლისამდე, რათა რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები შეზღუდული დარჩეს. ევროკავშირი ასევე აგრძელებს ბრძოლას რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ და სანქციების სიაში ამატებს კიდევ 41 გემს (მანამდე სანქცირებული იყო 632). ეს ზომები ეხება გემებს, რომლებიც მონაწილეობენ ნავთობის ფასის შეზღუდვის მექანიზმის გვერდის ავლაში, ეხმარებიან რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს ან გადააქვთ სამხედრო ტექნიკა და უკრაინიდან მოპარული მარცვლეული.

სანქციები დაუწესდა ასევე რვა ორგანიზაციასა და ერთ ფიზიკურ პირს, რომლებიც დაკავშირებული არიან ჩრდილოვან ფლოტთან, მათ შორის რუსეთის ნავთობკომპანიების ინტერესების დამცველ კომპანიებს. ევროკავშირმა სანქციები გაავრცელა ნავთობის სექტორზეც. შეზღუდვები შეეხება 18 ორგანიზაციასა და ერთ პირს, მათ შორის სამ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ბელარუსის ერთ დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და კომპანიას, რომელიც ბელარუსულ ნავთობპროდუქტებს რუსეთში ყიდის.

ამ სანქციების ფარგლებში ფარგლებში ევროკავშირმა დააწესა ტრანზაქციების აკრძალვა საქართველოში, ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე, რომელიც რუსული ნავთობით ვაჭრობს და ამუშავებს. აკრძალვა ძალაში ექვსი თვის შემდეგ შევა. ასევე სანქციების სიაში დაემატა ნავთობით მოვაჭრე ხუთი კომპანია, რომლებიც ცდილობდნენ რუსეთის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვის აკრძალვის გვერდის ავლას.

რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესაზღუდად ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 56 ფიზიკურ პირსა და კომპანიას, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან. მათ შორის 37 დაკავშირებულია შორი მოქმედების დრონების წარმოებასა და მიწოდების ჯაჭვთან.

ასევე სიას დაემატა 51 ახალი ორგანიზაცია, რომლებსაც ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტზე მკაცრი შეზღუდვები შეეხებათ. მათ შორის არიან კომპანიები ჩინეთში (მათ შორის ჰონგკონგში), ინდოეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომლებიც რუსეთისთვის ექსპორტის შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

ამას გარდა, სანქციების 21-ე პაკეტი ქმნის საფუძველს რუსული შეიარაღებული ძალების მოქმედი და ყოფილი სამხედროების, ასევე რუსეთის მხარდამჭერი დაჯგუფებების წევრებისთვის ფართო სავიზო აკრძალვის დაწესებისთვის. პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის საბჭო მოგვიანებით გადაწყვეტს, როდის შევა ეს აკრძალვა ძალაში.

ევროკავშირმა ასევე გააფართოვა ექსპორტის აკრძალვა იმ საქონელსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც რუსეთის სამხედრო მრეწველობაში გამოიყენება. შეზღუდვები შეეხო, მათ შორის: ნიკელის ფხვნილებს; სპეციალურ მეტალებსა და შენადნობებს თვითმფრინავების ძრავებისთვის; ბერილიუმის ფხვნილებს; აეროკოსმოსურ და თავდაცვით სექტორში გამოყენებულ მასალებს; უპილოტო საფრენი აპარატების კომპონენტებს. ასევე დაწესდა ახალი შეზღუდვები იმპორტზე ისეთი საქონლის მიმართ, რომლებიც რუსეთს მნიშვნელოვან შემოსავლებს აძლევს, მათ შორის სპილენძის, ნიკელისა და ტყვიის მადნებზე, თუთიაზე, მინის ნაწარმსა და ავტომობილების ნაწილებზე.

ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს ზომებს ბელარუსის წინააღმდეგ, მათ შორის ეს მოიცავს შემოსავლების მომტანი საქონლის იმპორტის აკრძალვას; სამხედრო სექტორთან დაკავშირებულ ექსპორტზე შეზღუდვებს; სამართლებრივ დაცვას ევროკავშირის ოპერატორებისთვის.

ამას გარდა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 8 პირს, რომლებიც რუსეთის ომის პროპაგანდის გავრცელებასა და უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციული ნარატივების შექმნაში მონაწილეობენ. პაკეტის ფარგლებში ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუს გენერალ-მაიორს, რომელსაც ბრალი ედება უკრაინელი სამხედროების, მათ შორის ტყვეების, წამებაში, მკვლელობებსა და ცხედრების შეურაცხყოფაში.

ამავე პაკეტით, ევროკავშირი აძლიერებს საკუთარი კომპანიების სამართლებრივ დაცვას რუსეთის სასამართლოებში მიმდინარე დავებისგან. ახალი წესები ევროკავშირის სასამართლოებსა და წევრ სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, არ აღიარონ ან არ აღასრულონ რუსეთის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებულ საქმეებზე. როგორც პრესრელიზში ნათქვამია, შესაბამისი სამართლებრივი აქტები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.