ეს ფოტო მე გადავიღე, ინსტინქტურად, დაუგეგმავად... უბრალოდ, ლამაზი და ცოტა სურეალისტური კადრი მინდოდა "დამეჭირა"...

დავხედე და მივხვდი, რომ ეს „უბრალო კადრი“ გაცილებით მეტ რამეს ამბობდა, ვიდრე ჰიჯაბების გარემოცვაში მოქცეული ერთი თამამი ბიკინი.

თავისუფლების, მეგობრობის და სიყვარულის გაცხადებული მანიფესტი შემრჩა ფოტოისტორიად... ისტორიები კი იმისთვისაა, რომ ადამიანებს უამბო...  და რადგან ფოტო მე გადავიღე, ამბავსაც მე მოგიყვებით...

ეს არის ერთკადრიანი ამბავი იმაზე, რომ მეგობრობას დრესკოდი არ აქვს... და იმაზე, რომ თავისუფლებას და სილაღეს ვერც ბურკინი დაიჭერს და ვერც ბიკინი განსაზღვრავს...

მოდიოდნენ და მოჰქონდათ მთელი სანაპირო - ლაღი სიცილით, ჟრიამულით, ერთმანეთში გადაძახილით : იასემინ, აიშე, სტეფანი... მათი მანერების სიმსუბუქე  არღვევდა ყველა კლიშეს და ყველა ტაბუს, რაც კი ადამიანებს ოდესმე  დაგვიწესებია...

და უცებ კადრი გაჩერდა, გაჩერდა იმ წამზე, რომელსაც ფოტოზე ხედავთ...  და კონტრასტი მხოლოდ კადრად დარჩა...

- ალბათ პირველი ბიკინიანი ჩავა ზღვაში... გავიფიქრე ჩემთვის...

მაგრამ არა! გოგო, ლამაზი ფორმებით და ზღვაზე გახუნებული თმებით, დადგა როგორც მცველი. დაელოდა ყველას შესვლას, მიმოხედა, იქ მყოფთა რეაქციები შეათვალიერა, ვერანაირი საფრთხე ვერ დაინახა და ჩაჰყვა...

ზღვა ჩვეული სიმშვიდით უყურებდა ამ ყველაფერს... ის არც ქსოვილის სანტიმეტრებს ითვლიდა და არც სოციალურ სტატუსს ზომავდა... მისთვის ყველა თანასწორი იყო. ტაბუები, კლიშეები, ჩარჩოები, დოგმები ადამიანების მოგონილია და არაფერი აქვს საერთო გეოგრაფიულ მდებარეობასთან. 

ჩემს წინ იდგა ორი სხვადასხვა სამყარო, ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კულტურა... და, ერთი ბიკინი და ხუთი ბურკინი გაცილებით ბევრ რამეს ამბობდა ადამიანად ყოფის სიმარტივეზე, ვიდრე აქამდე დაწერილი ყველა მანიფესტი. ტანსაცმელსა და ცხოვრების წესს მიღმა იდგნენ პატარა გოგოები, რომლებმაც სამყაროს ყველა საზღვარი მოშალეს...

თავისუფლებას და ზღვას ერთი საერთო თვისება აქვს - ვერც ერთს მოაქცევ საზღვრებში და ვერც მეორეს. ისინი მხოლოდ მათ ეკუთვნით, ვისაც სიღრმეების არ ეშინია...

ექვსივემ სინქრონულად შეცურა მთავარი მოკავშირის ტალღებში... იცინოდნენ, ერთმანეთს წყალს ასხამდნენ და ისე იქცეოდნენ, თითქოს სრულიად მარტონი იყვნენ მთელს ლაჟვარდოვან სანაპიროზე... წყლიდან ამოსული სტეფანი გრძელ თმებს იწურავდა ხელით, იასემინი და აიშე - ჰიჯაბს.

ვუყურებდი და ვფიქრობდი - თურმე,  ერთი კადრიც საკმარისია, რომ მთელი სამყაროს წესრიგი გადააფასო... ზოგჯერ ადამიანები ერთმანეთს სწორედ იქ პოულობენ,  სადაც ერთმანეთს ყველაზე ნაკლებად გვანან...

 ეს ფოტო დარჩება ტელეფონში, ამბავი - ქაღალდზე, მეგობრობის ისტორიას კი აიშე და სტეფანი ერთად დაწერენ....

პ.ს ფოტოზე სახეები დავბლარე... რატომ? იმიტომ, რომ ეს სამყარო სულაც არ არის ისეთი ლამაზი, როგორსაც ამ კადრზე ხედავთ....