"ჩვენ, ცოტა არ იყოს, მძიმე რეალობის წინაშე ვდგავართ, რადგან, დაახლოებით 30-35 წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების სისტემა ვითარდებოდა იმგვარად, რომ ჩამოყალიბდა ისეთი სისტემა, რომელიც ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და ბევრი პრობლემა დაგროვდა. მისი ერთი ხელის დაკვრით დანგრევა და ახლის შექმნა არის ურთულესი პროცესი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უშუალოდ შეეხებათ ეს რეფორმა და განსაკუთრებით იმ პროფესიონალებისთვის, რომელთაც მოუწევთ ახალ რეალობაზე გადაწყობა,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის მოსმენისას პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების მაქსიმალურად გააქტიურება და ხელშეწყობა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფომ საკუთარი პროგრამებიც უნდა შექმნას იმიტომ, რომ დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც გლობალურად მიმდინარეობს ძალიან ბევრი პროცესი, შეუძლებელია ნებისმიერი ქვეყნის განვითარება გლობალური პროცესებისგან მოწყვეტილად.
„უმაღლესი განათლების რეფორმა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ განათლება არის ქვაკუთხედი ქვეყნის ნებისმიერი მიმართულებით განვითარებისთვის. ეს არის ის საფუძველი, რომელსაც ემყარება ქვეყნის პოზიტიური განვითარება.
ჩვენ, ცოტა არ იყოს, მძიმე რეალობის წინაშე ვდგავართ, რადგან, დაახლოებით 30-35 წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების სისტემა ვითარდებოდა იმგვარად, რომ ჩამოყალიბდა ისეთი სისტემა, რომელიც ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და ბევრი პრობლემა დაგროვდა. მისი ერთი ხელის დაკვრით დანგრევა და ახლის შექმნა არის ურთულესი პროცესი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უშუალოდ შეეხებათ ეს რეფორმა და განსაკუთრებით იმ პროფესიონალებისთვის, რომელთაც მოუწევთ ახალ რეალობაზე გადაწყობა. ამიტომ, ეს პროცესი ძალიან მტკივნეულია და ეს აწუხებთ არა მხოლოდ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, არამედ, საზოგადოების ფართო ფენებსაც, რომლებიც შიშობენ, რომ ამან გაცილებით ცუდი შედეგები არ მოიტანოს, რაიმე ნეგატიური განვითარება არ პოვოს და ა.შ. ამიტომ, ამ რეფორმის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ სფეროში არსებული პროფესიონალების მაქსიმალური ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალობა; ასევე, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებულობა, რათა ყველას ჰქონდეს ინფორმაცია, რა მიმართულებით მივდივართ. ასევე, ახალი სისტემების შემუშავების პროცესში მათი ჩართულობა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ როდესაც შეიქმნება ახალი სისტემები, ყველა ამ ადამიანის აზრი, მათი პოზიცია, პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და პრაქტიკით დაგროვილი გამოცდილება იყოს გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, უშუალოდ, პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობა, რადგან ისინი არიან ის ძირითადი ბირთვი, რომელთა მხრებზეც გადადის ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა. ამიტომ მათი უშუალო ჩართულობა პროცესში და რეფორმის სხვადასხვა დეტალზე მუშაობისას მათი აზრის გათვალისწინება უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია.
რა თქმა უნდა, როცა ახალგაზრდა თაობას ვამზადებთ, ვაძლევთ განათლებას და ისინი მიდიან საზღვარგარეთ, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის რესურსი იკარგება და ირიბად გამოდის, რომ უცხო ქვეყნებს ვუმზადებთ კადრებს. ამის ფუფუნება არ გვაქვს - ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა, რომ ან რესურსები ვფლანგოთ, ასე უაზროდ და მით უმეტეს - ჩვენი ახალგაზრდები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია კარგად მორგებული და მაღალი დონის პროფესიონალების ჩამოყალიბებისკენ და რაც მთავარია, ქვეყანაში დასაქმებისკენ მიმართული სისტემის შექმნა.
ბატონო პრემიერო, თქვენ ახსენეთ, რომ მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ბაზრის კვლევას. თუმცა, ამ მიმართულებით, ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს ბაზრის პროგნოზირებას, რადგან დღესვეა საჭირო იმ სპეციალობებზე ვიზრუნოთ, რომლებიც მომავალში, 5-10 წელიწადში ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო გახდება. და მხოლოდ პროფესიების - უმაღლესი საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამების შექმნა არ არის საკმარისი ამ მიმართულებით. საჭიროა, ამ სფეროში მიღებული განათლებული კადრების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, რადგან დღეს რომ ბაზარზე მოთხოვნა არ არსებობს, ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ასეთი ტიპის სპეციალისტის დასაქმებაც არის რთული. თუმცა მომავალში, 5-10 წელიწადში, ზუსტად ვიცით, რომ ასეთი კადრი დაგვჭირდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო განსაკუთრებით აქტიური უნდა იყოს მსგავსი ტიპის სპეციალისტების დასაქმების კუთხით.
ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეიმუშაოს სპეციალური, წამახალისებელი, სამოტივაციო სქემები ბიზნესისათვის, რომ ბიზნესი აქტიურად ჩაერთოს სპეციფიკური და ვიწრო სპეციალიზებული კადრების მომზადებაში, რადგან ეს არის ის სფერო, რომელიც ბიზნესის ინტერესშია და ამ სფეროში სახელმწიფოს ჩართულობა ნაკლებად ეფექტურია. ასეთი კადრების მომზადებაში ბიზნესს გაცილებით მეტი კომპეტენცია გააჩნია. თუმცა სახელმწიფოს როლი, ვფიქრობ, მეტი სტიმულის შექმნაში უნდა გამოიხატებოდეს და ამ მიმართულებით ალბათ კარგი იქნება, რომ გადაიდგას რაიმე კონკრეტული ნაბიჯები.
ვფიქრობ, რეფორმირების პროცესში ამ საკითხებზეც ნაფიქრია - რეფორმირების საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების მართვის მოდელების შემუშავება, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული აკადემიური თავისუფლება, თუმცა, მენეჯმენტის მოქნილობასაც უზრუნველყოფს ეს სისტემა.
და კიდევ ერთი - ამის შესახებ თქვენს გამოსვლაში ახსენეთ, მაგრამ მინდა კიდევ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების მაქსიმალურად გააქტიურება და ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, სახელმწიფომ ამ მიმართულებით საკუთარი პროგრამებიც უნდა შექმნას, Erasmus+ პროგრამის გარდა, რომელიც ევროკავშირის პროგრამაა. იმიტომ, რომ დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც გლობალურად მიმდინარეობს ძალიან ბევრი პროცესი, შეუძლებელია ნებისმიერი ქვეყნის განვითარება გლობალური პროცესებისგან მოწყვეტილად. ამიტომ, განათლებაც სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვითარდებოდეს და განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ამ სფეროსთვის, ვფიქრობ, საქმეს მხოლოდ წაადგება. მადლობა,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.








