ეს არის გაბუტული, მდარე საქციელი, - ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტს აღარ უწოდებენ.
„ხელისუფლება ევროპას რომ ეტყვის, ამ ქალს მე პრეზიდენტად არ მოვიხსენიებო, ევროპა რას ეტყვის, ყოჩაღ, ტაშიო? - ამის მერე შარლ მიშელი აღარ შეხვდება სალომე ზურაბიშვილს? თუ იმას ეტყვის, რომ შენ კერძო პირი ხარ? ეს არის გაბუტული, მდარე საქციელი. საკუთარ ქვეყანაზე გაბუტული ხალხია. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს მტრები და ქვეშევრდომები. ესენი არიან ქვეშევრდომები, ჩვენ ვართ მისთვის მტრები. ბიძინას მტრობა ჯობია მის ქვეშევრდომობას“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ხელისუფლების მიერ გამოყენებული საბაბია, რადგან სხვა ვითარებაში, ამას ყურადღებას არავინ მიაქცევდა.
„სალომე ზურაბიშვილს „წვეტიანი“ გამონათქვამები ახასიათებს ხოლმე, მაგრამ ეს ბუნებრივია ხელისუფლების მიერ გამოყენებული საბაბია, არავინ ამას ყურადღებას არ მიაქცევდა და ამის გამო ჩინეთი საქართველოს დაპყრობას არ დააპირებს. ეს არის სრული სიბრიყვე, თორემ სალომე ზურაბიშვილს სახე წაართვეს მეორე ტურის წინ, ეწერა „სალომე ზურაბიშვილი“, „48“ და ირაკლი კობახიძის სახე და ბიძინა ივანიშვილის სახე. ამ ვითარებაში ეს არის გაჯიუტება შეცდომაში, ეს არის სიბრიყვე, რადგან არ მოიხსენიებენ პრეზიდენტად, ამით პრეზიდენტი აღარ იქნება?
პრეზიდენტი ამჟამად პოზიტიურ როლს ასრულებს, ძალიან გვიან დაიწყო პოზიტიური როლის შესრულება, მაგრამ ძალიან ანანებს ბიძინას [ივანიშვილს]. ბიძინა ხომ გენიოსია პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევაში? სათავისო და პლასტილინები რომ ჰგონია, მერე რომ მიიღო ისეთი, როგორიც მიიღო. გიორგი მარგველაშვილი როგორი „პლასტილინი“ იყო კარგად ვნახეთ. ბიძინას ეგონა, რომ სალომე იმდენად დისკრედიტირებულია ოპოზიციის თვალში, რომ ის ხელის გოგო იქნება. ხელის ბიჭები ჰყავს, მაგრამ ეს ვერ გახდა ასეთი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ LCI-სთან ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და ასევე, სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, უპასუხა, რომ ეს მისი შინაგანი რწმენით ისტორიული შედეგი იქნებოდა, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. „თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია?- არა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.