ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტი აუდიტორიას უკრაინის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში ევროპას და რუსეთს შორის მოლაპარაკების საკითხთან დაკავშირებით რიიგიკოგუს უსაფრთხოების ორგანოებზე ზედამხედველობის სპეციალური კომიტეტის და ეროვნული თავდაცვის კომიტეტი წევრის, რეიმონდს კალულაიდის, დამოკიდებულებას აცნობს.

წამყვანი ევროპული ძალების - ე.წ. E3-ის, რომელიც მოიცავს დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და გერმანიას - ინიციატივა რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების შესახებ, დიდი სიფრთხილით უნდა იქნეს განხილული, მიუხედავად იმისა, რომ მას ასევე მხარს უჭერენ ფინეთი და უკრაინა, - წერს რაიმონდ კალულაიდი.

მე არ ვკამათობ, რომ ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკებებში ლიდერობა უნდა აიღოს და დამოუკიდებლად მართოს ეს პროცესი, ამერიკელების ნაცვლად. თუმცა, ესტონელი პოლიტიკოსებისთვის მთავარი კითხვა უნდა იყოს, თუ როგორ განხორციელდება ეს და როგორ იქნება წარმოდგენილი ესტონეთის რესპუბლიკის ინტერესები ამ პროცესში.

პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ ჩვენს ბრიტანელ, ფრანგ და გერმანელ მეგობრებს. შეგვიძლია. სკანდინავიური და ბალტიისპირეთის ქვეყნების NB8-ის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ ასევე გვაქვს პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ძლიერი პლატფორმა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან სკეპტიკურად უნდა განვეწყოთ იმ მოლაპარაკებების მიმართ, რომლებიც მხოლოდ „დიდ სამეულს“ ეყრდნობა.

მაშინაც კი, თუ კარგი მეგობარი მართავს მანქანას, მაინც მნიშვნელოვანია, თუ სად მიემართება მანქანა. დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკური ინტერესები ბევრ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა ისინი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ჩვენი ინტერესებისგან.

მე არ ვამბობ, რომ პრინციპულად არ შეგვიძლია ვენდოთ E3 ქვეყნებს. უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყნებს შეიძლება განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე და შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი ინტერესები, რომლებიც არ ემთხვევა ჩვენსას.

ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მიღწეული ნებისმიერი შეთანხმება ჩვენზე გაცილებით მეტ გავლენას მოახდენს, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე. უკრაინისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტიები განსაზღვრავს, თუ რამდენად თავისუფლად შეუძლია რუსეთს თავისი ძალების ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ფინეთში გადაყვანა და, შესაბამისად, ამ რეგიონში სამხედრო რისკის დონეს. პარადოქსულია, მაგრამ ეს რისკი შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, თუ უკრაინაში ბრძოლები ჩაცხრება ან დასრულდება.

ეს ყველაფერი, უდავოდ, გვაძლევს უფლებას, ვიყოთ გადაწყვეტილების მიღების მაგიდასთან. არ უნდა დავკმაყოფილდეთ ინფორმირების ან კონსულტაციის დაპირებებით. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი ნიშა და იქ დავრჩეთ.