ბევრი ხელისუფლების გასტუმრებაში შევშველებივართ პოლიტიკურ პარტნიორებს და ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრებაშიც შევეშველებით, - ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„არანაცური ოპოზიციის ამომრჩეველი ყველაზე მეტია ქვეყანაში, პლუს „ნაცები“ და პლუს გახარია. აი, ეს არის 50%-ს პლუს ერთის შანსი. ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს მუშაობა. ამას არ სჭირდება „ნაცებთან“ კონფრონტაცია. 2020 წელს არასახელისუფლებო მედიაში ამბობდნენ, რომ „ან ქოცებს უქმნი კოალიციას, ან ნაცებს“. აღარ არის „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი საპირწონე „ქართული ოცნების“. ერთი-ერთზე, რინგზე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად ყოველთვის გალახავს მიხეილ სააკაშვილს და ეს ბევრჯერ უქნია.
ჩვენ ყველას ხომ გვეძახეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“? აგერ კობახიძემ თქვა, სავსეა „რესპუბლიკური პარტია“ უზრდელებითო. რესპუბლიკურ პარტიაზე „სავსეა“ თქვა, თავისთავად სწორი არ არის, მაგრამ ამ პოლიტიკური ქონდრისკაცების შეფასებები ჩვენთვის არ არის არსებითი. ბევრი ხელისუფლების გასტუმრებაში შევშველებივართ პოლიტიკურ პარტნიორებს და ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრებაშიც შევეშველებით. მოსვლაშიც შევშველებივართ და წასვლაშიც შევეშველებით. ზოგი ჩვენზე უფრო მეტად შეეშველება, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.