„ქართულ ოცნების“ მიზანია საზოგადოების გახლეჩა, ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი შეხვედრა პრეზიდენტთან იყო მის ინიციატივასთან დაკავშირებული, რომელიც გააჟღერა გუშინ. ეს ინიციატივა ემსახურება იმას, რომ მოხდეს პროქართული ძალების გაერთიანება ქვეყნის ძირითადი მიზნისთვის. მიზანი ემსახურება, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ქვეყნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. „ქართული ოცნების“ მიზანია საზოგადოების გახლეჩა, ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ. სწორედ გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯებით უნდა შევძლოთ, რომ ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის ირგვლივ პოლიტიკურმა პარტიებმა მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ქვეყანა იყოს მზად რეკომენდაციების შესასრულებლად, რომელიც ევროკავშირმა გასცა.
უნდა ითქვას, რომ „ლელოს“ აქვს ცხრავე რეკომენდაციაზე მისი ხედვა, რომელსაც გავუზიარებთ პრეზიდენტის ფორმატში ჩვენ კოლეგებსა და პარტნიორებს“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.