ირლანდიის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შეკრებაზე ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ უეფას ერთა ლიგაზე დღეს ისრაელთან მატჩის ჩატარებას დაუჭირა მხარი.
დღეს, უნგრეთის ქალაქ დებრეცენში, უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩში ისრაელის ნაკრებთან სათამაშოდ ირლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები შავი სამკლავურებით გავლენ მინდორზე.
კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც არაერთმა ირლანდილმა გულშემატკივარმა და ცნობილმა ადამიანმა ისრაელთან მატჩის ჩატარების წინააღმდეგ ღაზაში ჩადენილი გენოციდის გათვალისწინებით გაილაშქრა, ხოლო ნაკრების მეკარე გევინ ბაზუნუმ განაცხადა, რომ მინდორზე არ გავიდოდა.
ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ კურელმა, განაცხადა, რომ სამკლავურები „ეძღვნება ამ კონფლიქტში დაღუპულ ყველა სიცოცხლეს“.
კურელის თქმით, გუნდის მოთამაშეთა „მნიშვნელოვანმა უმრავლესობამ“ (14-მა 8-ის წინააღმდეგ) მხარი დაუჭირა მატჩის გამართვას.
ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის წევრების ოთხმოცდასამმა პროცენტმა ნოემბერში უეფასადმი ისრაელის ევროპული საფეხბურთო შეჯიბრებიდან მოკვეთის შესახებ შუამდგომლობას მისცა ხმა, თუმცა ივლისში გადაწყვეტილება მატჩების სასარგებლოდ იქნა მიღებული.
საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ასევე მოითხოვეს ისრაელის უეფასა და ფიფას შეჯიბრებიდან მოკვეთა.
„ბოლტონ უონდერერსის“ მეკარე ჯერჯერობით ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ირლანდიისა და ისრაელის დღევანდელ მატჩში მონაწილეობაზე უარი თქვა.
დუბლინელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც თავისი გადაწყვეტილების მიზეზები ახსნა.
„ჩემი ქვეყნის წარმომადგენლობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. უღრმესი პატივისცემით ვარ განწყობილი ჩემი ყველა თანაგუნდელის, მენეჯერის, მისი პერსონალის და ირლანდიელი ხალხის მიმართ.
თუმცა, მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ადვილი არ ყოფილა. მე ძლიერი რწმენის კაცი ვარ და ვცდილობ ვიყო ხასიათისა და პრინციპების მქონე ადამიანი და ამიტომ მიმაჩნია, რომ არასწორია ისრაელის წინააღმდეგ მომავალ მატჩებში მონაწილეობა.
ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემს პირად რწმენას ეფუძნება, რომ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა არასწორია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩემი პოზიცია არ არის მიმართული ისრაელელი ხალხის ან ებრაული თემის წინააღმდეგ, არამედ რეგიონში მომხდარი სისასტიკის წინააღმდეგ.
ცხოვრებაში იშვიათად გაქვს შესაძლებლობა, რაღაც უფრო დიდისთვის იბრძოლო და მტკიცედ მჯერა, რომ ეს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა“.
ირლანდია და ისრაელი უეფას ერთა B ლიგის მე-3 ჯგუფში არიან. პირველ ტურში ირლანდია კოსოვოში დამარცხდა, ისრაელი კი ავსტრიაში.
წყარო: independent.ie
მოამზადა რაულ კაპანაძემ




