სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

უწყების ცნობით, ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

„ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო სოხუმში ქალაქის დაცემამდე გადაღებული ფოტოები, რომლებიც იმდროინდელ ქალაქს, მის ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოაჩენდა.

საგამოფენო სივრცეში ასევე მოეწყო ისტორიული ნივთების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სოხუმიდან და აფხაზეთიდან წამოღებული პირადი ნივთები.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ გახსნა.

მთავრობის თავმჯდომარემ 27 სექტემბრის ტრაგიკულ მნიშვნელობაზე, ოჯახების მიერ განცდილ უდიდეს ტკივილსა და დევნილთა დაბრუნების იმედზე ილაპარაკა. მან ხაზი გაუსვა, რომ მომავალი უნდა აშენდეს არა დაპირისპირებითა და შურისძიებით, არამედ მშვიდობით, დიალოგითა და ნდობის აღდგენით. გიორგი ჯინჭარაძის თქმით, მთავარი მიზანია არამხოლოდ ტერიტორიის, არამედ ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთთან დაბრუნება და შერიგება.

„ჩემი ოჯახიც იმ ტრაგედიის ნაწილია, რომელმაც აფხაზეთში უამრავი ქართული და აფხაზური ოჯახი დააზარალა. ამიტომ კარგად მესმის, რომ არსებობს ტკივილი, რომელსაც დრო ვერ შლის. მაგრამ არსებობს პასუხისმგებლობაც, რომელსაც დრო კიდევ უფრო გვიმძაფრებს. ეს არის პასუხისმგებლობა, რომ ჩვენს შვილებს მემკვიდრეობად არ დავუტოვოთ სიძულვილი.

ომი დასრულდა, მაგრამ ჩვენი საერთო ისტორია არ დასრულებულა. ჩვენ დღეს ვალდებული ვართ, ტრაგიკული წარსულიდან გამოვიტანოთ მთავარი გაკვეთილი: ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთი აღარასოდეს უნდა დაკარგონ.

ჩვენი მომავალი ვერ აშენდება ახალი დაპირისპირებით, მუქარითა და შურისძიებით. იგი უნდა აშენდეს მშვიდობით, დიალოგით, ნდობის აღდგენით და ადამიანური ურთიერთობების დაბრუნებით“, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც 33 წლის წინ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიას მიეძღვნა. საღამო აფხაზეთის შემოქმედებითმა კოლექტივებმა ცოცხალი მუსიკალური შესრულებით გააფორმეს.

საღამოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ეროვნული გმირების ოჯახის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.