"თქვენო აღმატებულებავ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, თქვენო აღმატებულებავ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარევ, მაღალყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო გილოცავთ ჯვართამაღლების დიდებულ დღესასწაულს, დღეს ვფიქრობთ უფლის ჯვარზე მის მნიშვნელობაზე და ძალაზე. შეგვეწიოს ყველას მისი ძალა და მადლი ცხოველსმყოფელისა ჯვარისა. – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
"უფალი იესო ქრისტე ნებსით მოკვდა ჯვარზე ჩვენ ცოდვილებისთვის დამნაშავეებისთვის რომ გადაგვარჩინოს, გვიხსნას და გვაცხონოს და აი, ჩვენ როდესაც თაყვანს ვცემთ მაცხოვრის ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ პირველ რიგში აი, ამ სიყვარულის ღვაწლს, დიდი თავგანწირული სიყვარულის ღვაწლს. სწორედ ეს სიყვარული აღსრულდა, ეს ღვაწლი აღსრულდა ჯვარზე.
ჩვენ ასევე ჯვრის თაყვანისცემით თაყვანსა ვცემთ ჩვენი მკვდრეთით აღდგომის იმედს და სიხარულს. რადგან, როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე მოკვდა და საფლავი დაიბეჭდა, თითქოს ყველაფერი დასრულდა. მაგრამ სწორედ ამ დროს აღდგა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ჩვენი იმედიც სწორედ ამაშია. რომ ცოდვის უფსკრულიდან დაცემულობის უფსკრულიდან ჩვენ შეიძლება აღვდგეთ ქრისტიანული ცხოვრებისთვის. და ღმერთთან თანაზიარებისთვის.
მძიმე და დიდი იყო ჯვარი, რომელზეც ჯვარს ეცვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თქვენ იცით, ის ხისგან იყო დამზადებული და მას შემდეგ სხვადასხვა ადამიანები აკეთებდნენ ასეთი დიდი ზომის ჯვრებს და ერთობლივი ძალისხმევით მიაბრძანებდნენ იერუსალიმში და გოლგოთის გზაზე აჰქონდათ. ზოგს თავიანთ სენაკებაში ჰქონდა, მაგალითად ღირს ალექსი შუშანიას სენაკში ჰქონდა და მხრებზე იდებდა ლოცვის დროს. აი, ჩვენს წინაშე აღმართულია თხოთის ჯვარი. თქვენ იცით, რომ თვით წმინდა ნინომ, მეფე მირიანმა, დედოფალმა ნანამ აღმართეს ეს ჯვრები. პირადად მცხეთის მთაზე აიტანეს.მაგრამ ჯვარი ქრისტესი არ არის მხოლოდ ხისგან ან სხვა რაიმე მასალისგან დამზადებული. არსებობს ასევე სულიერი ჯვარიც, რომელიც შედგება ადამიანთა ცოდვებისგან და განსაცდელებისგან, მწუხარებებისგან, სნეულებებისგან ოჯახური სირთულეებისგან. და როდესაც ადამიანი სცოდავს და ამ ცოდვაში ჯიუტად ყოფნას განაგრძობს მაშინ, ამ ჯვრებს, ამ თავის ჯვარს ამძიმებს. ხოლო როცა ადამიანი ცოდვას ებრძვის და ამარცხებს, მაშინ ის თავის ჯვარს ამსუბუქებს.
ეს რას ნიშნავს? როდესაც ჩვენ ვცდილობთ ჯვარს გავექცეთ, მოვიშოროთ, ჩვენ ვშორდებით ქრისტეს ჯვარს, ჩვენ ვშორდებით თვით უფალს. მაგრამ როდესაც ჩვენ მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით ვღებულობთ, ვზიდავთ ჩვენ ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება. მაშინ ჩვენ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული. აღდგომის სიხარული. ამიტომ ვეცადოთ, ვებრძოლოთ ცოდვას და ნუ ვიქნებით სულმოკლენი ჩვენი ჯვრის ზიდვაში. მაშინ უფალი ჩვენთან იქნება, ჩვენ ვივლით ქრისტეს გზით და ასე ამ სიხარულით ყოველთვის უფალთან ვიქნებით. მოგვმადლოს ეს უფალმა ჯვრის ძალითა და მადლით
დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამწუხარო და ტრაგიკულ მოვლენას ჩვენი უახლესი ისტორიისა. შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან, სოხუმის დაცემიდან. ამ საშინელმა ომმა მოიტანა 30 000 მდე დაღუპული ადამიანი, ასობით ათასი განდევნილი თავისი მიწა-წყლიდან, თავისი კუთხიდან, სახლიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია. ომის შემდეგ, უკვე კოდორის გზაზე სიარულისას, კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეც დიდი ჯვარია ღვთისგან დადებული და არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ამ დღეს დაემთხვა სოხუმის დაცემა და იოანე ოქროპირის ხსენებაც ხომ სწორედ ამ დღეს არის, რომელიც დაკრძალული იყო აფხაზეთში. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ ომზე და ალბათ, მე მახსენდება კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სიტყვები – რომ იმ ომში არავინაა გამარჯვებული, აფხაზებიც და ქართველებიც დამარცხდნენ. ჩვენ თუ გვინდა რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ და მარგებელი იყოს ჩვენთვის, რომ ერი კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, შენდობა, ურთიერთპატიება. მე ძალიან ვხარობ იმით, რომ დღეს ყველა ადამიანი საქართველოში ამ განწყობით არის. ეს გვაერთიანებს, ასეთი დამოკიდებულება აფხაზების და აფხაზეთის მიმართ. და იმისადმი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი შემდგომი ცხოვრება და ერთად ყოფნა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ჯვართამაღლებას.
დღეს ჩვენ აღვასრულეთ პანაშვიდი, მოვიხსენიეთ ყველა, ვინც დაიღუპა ომში, აფხაზებიც და ქართველებიც. ასევე გავიხსენეთ ცხინვალში გარდაცვლილი ჩვენი მეომარი ძმები და დები. ღმერთმა აცხონის მათი სულები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ჯვრის ძალამ და მადლმა გაგაძლიეროთ ყველანი. ჯვრის ძალით და მადლით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს, გადაარჩინოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ“,- აღნიშნა შიო მესამემ.










