სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახი კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავზე იმყოფებოდა, მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა ჟიული შარტავას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.
„დღეს, პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას და ქედს ვიხრით საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული გმირების წინაშე. 33 წლის შემდეგაც, უმძიმესი მოსაგონარია 27 სექტემბერი, როდესაც სოხუმი იცლებოდა ქართველებისგან და ათასობით ჩვენი მოქალაქე განიცდიდა დაღუპულთა გლოვის, თუ მშობლიური მიწა-წყლის იძულებით დატოვების მოუშუშებელ ტკივილს. ის ტრაგიკული დღეები ატარებს აფხაზთა და ქართველთა ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის ღირსეული მაგალითების მეხსიერებასაც, რაც მჯერა, აუცილებლად დაგვაძლევინებს საერთო ტკივილს და განაპირობებს ურთიერთპატივისცემით განმტკიცებული კავშირების აღდგენას და შერიგებას, ჩვენი დროებით დაშორებული ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ!“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.








