ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ათიათასობით ადამიანმა საბინაო კრიზისი და ბინებიდან იძულებითი გამოსახლების პრაქტიკა გააპროტესტა. 87 წლის ქალბატონის ბინიდან ხმაურიანი გამოსახლების შემდეგ, მომიტინგეებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, „პუერტა დელ სოლზე“ (Puerta del Sol), პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ მანამ არ დაიშლებიან, სანამ ხელისუფლება კანონმდებლობას არ შეცვლის.
საპროტესტო ტალღა ესპანეთში მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციამ მადრიდში მცხოვრები 87 წლის მარიკარმენ აბასკალი იმ ბინიდან გამოასახლა, სადაც ის 70 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ქონების ახალმა მფლობელმა, კერძო კომპანიამ, ქირის საფასური მკვეთრად, თითქმის 275%-ით გაზარდა, რისი გადახდაც პენსიონერმა ვერ შეძლო (გერმანული გამოცემა „ტაგესშაუ“ მოიჯარეთა ასოციაციის ცნობაზე დაყრდნობით წერს, რომ ქალბატონის ბინის ქირა თვეში 500 ევროდან 2650 ევრომდე გაიზარდა - „აიპრესი“). საკუთარ საწოლზე, საკაცის მეშვეობით ქალბატონის იძულებითი გაყვანის კადრებმა ქვეყანაში საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია და საბინაო კრიზისის სიმბოლოდ იქცა.
მადრიდის მოიჯარეთა კავშირის (Madrid Tenants' Union) ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სხვადასხვა მონაცემებით, 25 000-დან 300 000-მდე ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტები ითხოვენ ქირის მაქსიმალური ზღვრის დაწესებას, მოიჯარეთა უფლებების გამკაცრებას, თაღლითური სქემების აღკვეთას და გამოსახლებების სრულ აკრძალვას იმ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეებს ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ.
მსვლელობის დასრულების შემდეგ, აქტივისტებმა რეგიონული მთავრობის შენობის წინ ათობით კარავი გაშალეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კარვების რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა.
აქციის მონაწილეები მიზნად ისახავენ მინისტრთა კაბინეტზე ზეწოლას, რათა უახლოეს დღეებში დამტკიცდეს ახალი დეკრეტი, რომელიც მსგავს გამოსახლებებს შეაჩერებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ესპანეთში საცხოვრებლის დეფიციტსა და ფასების ზრდას ტურიზმის ბუმი, მოკლევადიანი გაქირავების პლატფორმები და სოციალური საცხოვრისების სიმცირე განაპირობებს, რაც ქვეყანას ევროკავშირში ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად პოზიციაში აყენებს. მომიტინგეების თქმით, შექმნილი მდგომარეობა 15 წლის წინანდელ ანტისამთავრობო მოძრაობას (15-M) მოგაგონებთ, როდესაც ეკონომიკურ კრიზისს ქვეყანაში ანალოგიური მასშტაბური პროტესტი მოჰყვა.
წყარო: 20minutos, La Vanguardia, Tagesschau
მოამზადა რაულ კაპანაძემ




