ტრაგედიაა, რომ 1999 წლის 27 იანვარს საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი, 26 წლის თავზე კი, ხალხის დაუკითხავად, ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა, თითქოს დაასწრო ევროსაბჭოს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება არის ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის ღალატი.
„ეს იყო პირველი შემთხვევა ევროსაბჭოს მხრიდან, როდესაც ოფიციალურად ითქვა, რომ არ არის ეს არჩევნები აღიარებული და, შესაბამისად, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო და არის ახალი არჩევნების ჩატარება. ეს არის საქართველოს და იმ თითოეული მოქალაქის დამსახურება, მე ვიტყოდი, გამარჯვება, რომელიც ამდენი თვის განმავლობაში, მიუხედავად სისტემური ძალადობისა, დგას და იცავს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავალს, არამედ ეროვნული ინტერესებსა და, ზოგადად, საქართველოს მომავალს.
რაც შეეხება „ოცნების“ ამ სასოწარკვეთილ რეაქციას, ეს არის ზუსტად ეროვნული ინტერესების ღალატი, სხვა არაფერი. დასავლეთის ნაწილი რატომ გვინდა, რომ ვიყოთ? იმიტომ, რომ დასავლურ ცივილურ სამყაროში საქართველო და ქართველი ხალხი ყველაზე კარგად დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, იდენტობას და არა რაღაც მარაზმი, ახალ ფორმატებს რომ გვთავაზობს და ე.წ. ხელისუფლება ნელ-ნელა გვაპარებს 3+3 ფორმატს. ეროვნული იდენტობის დასაცავი ბრძოლაა ის, რაც ხდება საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში. 1999 წლის 27 იანვარს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი და იყო ზურა ჟვანიას ცნობილი ფრაზა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. 26 წლის თავზე კი, ქართველი ხალხის დაუკითხავად, ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლებამ ასე სასოწარკვეთილად გადაწყვიტა, რომ ტოვებს საპარლამენტო ასამბლეას. ვიმეორებ, ეს არის ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ღალატი“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა: „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველო, როგორც სახელმწიფო, რჩება წევრად“.