პოლიტიკოსები ისეთი გაუგებარი და აზრს მოკლებული აქციებით არიან დაკავებული, რომ ყველაფერს ახშობენ, მეორე მხრივ, ჩვენც გვინდოდა, ხალხი გამოსულიყო და მიგვაჩნდა, რომ ახალი არჩევნები ჩასატარებელია, მაგრამ, მცდელობის მიუხედავად, ხალხი აქციაზეც არ გამოვიდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტად რჩება, რომ ხალხის დიდი ნაწილი საკმაოდ პასიურია იმისთვის, რომ ახალი არჩევნების აქტუალიზაცია მოხდეს დღის წესრიგში.

„დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხს თავისი პოზიციის გამოსახატად აქვს ორი გზა – არჩევნები და მიტინგი. არჩევნების შედეგი ხალხს თუ არ მოსწონს, მათ შეუძლიათ, გამოვიდნენ მიტინგზე და ამით დააფიქსირონ თავისი პოზიცია. მიტინგი თუ არ იკრიბება, შეიძლება იყოს ორი მიზეზი – ან ხალხს არ უნდა და აღიარებენ შედეგებს, ან პოლიტიკური პარტიები არ უწყობენ ამას ხელს. როგორც ვხედავთ, ორივე ერთდროულად ხდება. ერთი მხრივ, პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველაფერი ჩაახშონ, ისეთი გაუგებარი და აზრს მოკლებული აქციებით არიან დაკავებული, მეორე მხრივ, ჩვენც გვინდოდა, ხალხი გამოსულიყო და მიგვაჩნდა, რომ ახალი არჩევნები ჩასატარებელია, მაგრამ ხალხი აქციაზეც არ გამოვიდა, მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა. ამიტომ ფაქტად რჩება, რომ ხალხის დიდი ნაწილი საკმაოდ პასიურია იმისთვის, რომ დღის წესრიგში ახალი არჩევნების აქტუალიზაცია მოხდეს. ხალხი თუ ქუჩაში არ გამოდის, ამას შეიძლება ჰქონდეს ორი ახსნა – ის ხალხი, ვინც ეძახის ამ ხალხს ქუჩაში გამოსასვლელად, არ იმსახურებს ნდობას, ან ამ ხალხს უბრალოდ არ უნდა ქუჩაში გამოსვლა, აწყობთ ის შედეგი, რაც დადგა. აქედან გამომდინარე, ან აღიარებენ ამ არჩევნებს ან შეიძლება, არ მოსწონდეთ არჩევნების შედეგები და არ უნდოდეთ მისი აღიარება, მაგრამ არ უნდათ იმ პოლიტიკური ლიდერების მეთაურობით რამის გაკეთება, ვინც ახლა აქტიურობს ქუჩაში.

ჩვენ გვქონდა გეგმა, რა უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას. მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო მუხტის დაბრუნება და ერთი დიდი აქციის ორგანიზება. როცა საპირისპირო ხდება, პირიქით, ხალხის ენერგია იხარჯება უაზრო მიტინგებით, საბოლოო ჯამში ეს მივა იქამდე, რომ შედეგი ვერ იქნება მიღწეული და ახალი არჩევნები არ დაინიშნება. რაღაც მომენტში დადგება სიტუაცია, როდესაც უნდა აღიარო, რომ წააგე. ანუ, რაღაც მომენტში იქნება სიტუაცია, როცა აზრი არ ექნება პროტესტის გაგრძელებას. ჩემი აზრით, ამ მომენტთან ძალიან ახლოს ვართ და მივაღწიეთ კიდეც.

არ მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციიდან რამეს აღიარებენ, თორემ ბევრი აქვთ ასაღიარებელი, მარტო ერთი წაგებით არ შემოიფარგლებიან. ეს გაუაზრებელი ქმედებები და შეცდომები „ქართული ოცნების“ მთავარი დასაყრდენია. რომ არა ასეთი ოპოზიცია, „ქართული ოცნება“ დიდი ხნის დამარცხებული იქნებოდა, მაგრამ ელემენტარულ კრიტიკას არ იღებს ოპოზიციის დიდი ნაწილი და ხალხი ქუჩაში დაჰყავს უაზროდ, უშინაარსოდ, მიზნის გარეშე. როგორ შეიძლება, ამ ყველაფერმა გამოიწვიოს ახალი არჩევნები, ადრე თუ გვიან ეს მოკლავს საპროტესტო მუხტს და კიდევ უფრო გააძლიერებს „ქართული ოცნების“ მმართველობას“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

 მისივე განმარტებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ არის იმ მასშტაბის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რაიმე ნაბიჯის გადადგმას აიძულებს.

„ქართული ოცნების“ მთავარი დასაყრდენი არის მეინსტრიმული ოპოზიცია, რომელმაც მოაწყო კლოუნადა თავის მედიებში, რომელმაც უარი თქვა დისკუსიებსა და დებატებზე. არადა ევროპულობა ნიშნავს დებატებს და განსხვავებულ აზრს. ამ ყველაფრისთვის აქვთ ბოდიში მოსახდელი, მაგრამ არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი კოლეგები გაიაზრებენ საკუთარ შეცდომებს და რომც გაიაზრონ, არ მაქვს მოლოდინი, რომ გამბედაობა ეყოფათ და ბოდიშს მოიხდიან. შენ თუ გინდა, შეცვალო ხელისუფლება მიტინგის მეშვეობით, უნდა იყოს ძალიან შთამბეჭდავი მიტინგი. იმდენად შთამბეჭდავი, რომ სცდებოდეს ყველა ჩვეულებრივ მიტინგს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ წელს გამოდიოდა 60-80-100 ათასობით ადამიანი. ე.ი. ამაზე მეტი უნდა იყოს. ჩემი აზრით, 100 000-იანი მიტინგი, რომელიც თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე შეავსებდა სივრცეს, ის რაოდენობაა, რომელსაც ვერ დაარბევს პოლიცია და აუცილებლად აიძულებს ხელისუფლებას, დაიწყოს ლაპარაკი. სულ მცირე, ამას მაინც მიაღწევდა ოპოზიცია ასეთი მიტინგი რომ მოეწყო, მაგრამ თუ შენ ვერ შეკრიბავ ექსტრაორდინალურ რაოდენობას და ჩვეულებრივი, სტანდარტული, 10-15-ათასიანი მიტინგით შემოიფარგლები, ამას არანაირი შედეგი არ ექნება. რაც უნდა ილაპარაკონ ჩემმა კოლეგებმა, არ აქვს მნიშვნელობა, დემოკრატია ისეა აწყობილი, რომ საბოლოო ჯამში, რაოდენობა წყვეტს და არა ცალკეული ადამიანების მოტივაცია.

გეგმა არ აქვთ იმ ხალხს, ვინც ამ აქციებს აკეთებს. ჩანს კიდეც, რომ იცვლება გარემოება, შემდეგ ახლიდან იგონებენ, პროცესში რა უნდა გააკეთონ. გეგმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ წინასწარ ნაფიქრი გქონდეს, რას მოიმოქმედებ. მაგალითად, პოლიციის ამა თუ იმ ქმედებაზე რას გააკეთებ ხვალ, ზეგ. თან დასაგეგმია სულ პატარა, რამდენიმედღიანი პერიოდი, როცა პარლამენტი შეიკრიბება. რადგან გაცხადებულია, რომ პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს, იდეაში ეს უნდა იყოს ამ ყველაფრის მიზანი, გაურკვეველია, ღამის თენება ვარაზისხევზე როგორ ეხმარება იმას, რომ ხალხი იყოს მობილიზებული, ენერგიით სავსე ერთ კვირაში. პირიქით ხდება მგონი, ხალხს ღლიან, ემოციას უკარგავენ, რომ შემდეგ კრიტიკულ მომენტში არ იყოს საკმარისი მოტივაცია“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შევლენ.

„გულის სიღრმეში მგონია, რომ შევლენ. სულ მცირე, აღიარებენ არჩევნებს იმით, რომ აიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას, იმით, რომ მიიღებენ მონაწილეობას შემდეგ არჩევნებში, რომელსაც ეს ცესკო ჩაატარებს და ეს მთავრობა დანიშნავს. თეორიულად ივლიან თუ არა დარბაზში, ამის პროგნოზს ვერ გავაკეთებ, წინაზეც დიდად არ დადიოდნენ. ამიტომ დარბაზში ყოფნა-არყოფნა არ არის მთავარი, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ ისინი დაფინანსებას აიღებენ და ცესკო-ს ორგანიზებით შემდეგი არჩევნებისთვის დაიწყებენ ორგანიზებას, ეს აღიარებას ნიშნავს შინაარსობრივად. თუ შესვლა-არშესვლა ნიშნავს პარლამენტის აღიარებას, დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ნაწილი, თუ ყველა არა, ამ პარლამენტს აღიარებს. მახსოვს, 2020 წლის შემდეგ სიები ჩაიხსნა და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ სთხოვდა, აღედგინათ სიები. რადგან ეს გამოცდილება გვაქვს, მათ შორის მანდატებზეც უარი აქვს ყველას ნათქვამი და შემდეგ პარლამენტში შევიდა ყველა, ზოგადად არ გამოვრიცხავ, რომ იგივე განმეორდეს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.