პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის დღევანდელი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ხელის შეშლის მცდელობაა.

„როგორც ჩანს, რუსები ძალიან შეშფოთდნენ, რომ შეიძლება, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ ოქტომბერში და უნდათ, ნებისმიერი გზით ამას ხელი შეუშალონ. თუ არა ეს, უბრალოდ ვერ ვხსნი, ასეთი გადაწყვეტილება რატომ არ მიიღეს ამ ხნის განმავლობაში. ისევ საკუთარ მოქალაქეებს აწვალებდნენ, თორემ რა ვიცი, არ მეგულება ნორმალური, დალაგებული ქართველი მოსკოვის, ტამბოვის, სარატოვის და რაღაც ჯანდაბის ნახვა რომ უნდოდეს. შესაბამისად, ეს, რა თქმა უნდა, არის რუსეთის მხრიდან ხელის შეშლის მცდელობა, არ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ახლა აბსოლუტურად ადეკვატური იქნებოდა, რომ ფრენებზე უარი თქვას და საპასუხოდ რუსეთს სავიზო რეჟიმი დაუწესოს. ეს იქნებოდა ძალიან ადეკვატური და ვნახოთ, რას იზამს „ქართული ოცნება“. ამის დიდი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ამ ვითარებაში ადეკვატური პასუხი ეს იქნებოდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.