"დღეს ჯოხარ დუდაევის დაღუპვის დღეა. 29 წლის წინ, 1996 წლის 21 აპრილს შუაგულ ჩეჩნეთში, სოფელ გეხი-ჩუსთან რუსეთის სამხედრო დაზვერვის და გენშტაბის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგად გმირულად აღესრულა ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტი, მისი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ჯოხარ დუდაევი. "- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:
"ჯოხარ დუდაევი ჩეჩნების მასობრივ დეპორტაციამდე შესაძლოა, ერთი წლით ადრე იყოს დაბადებული: როგორც ალა დუდაევა ადგენს თავის წიგნში "მილიონ პირველი", ეს უნდა ყოფილიყო 1943 წელს. მას რასაკვირველია ყაზახეთში მოუწია ბავშვობისა წლების გატარება. მისი სამხედრო კარიერა საბჭოთა არმიას უკავშირდება. როგორც მფრინავი იგი მართავდა სტრატეგიულ ბომბდამშენს ჩინეთის საზღვარზე, რომელშიც ბირთვული იარაღი იყო განთავასებული. როგორც იტყოდა გენერალი ლებედი, აქ "სულელებს და უუნაროებს არ იღებდნენ". ჯოხარ დუდაევმა გენერალ-მაიორის წოდება ავღანეთის ომში მიიღო. იგი ბოლოს ესტონეთში ხელმძღვანელობდა სამხედრო ნაწილს, თუმცა დარბევის ნაცვლად მან სოლიდარობა გამოუცხადა ესტონელებს და მათი დროშა აღმართა სამხედრო ნაწილში. ამის შემდეგ იგი მშობლიურ ჩეჩნეთში დაბრუნდა, სადაც ჩეჩენთა ეროვნულმა ყრილობამ იგი თავის ლიდერად აირჩია. რესპუბლიკა "იჩკერიამ" დამოუკიდებლობა 1991 წლის სექტემბერში გამოაცხადა.
რუსეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ ელცინ-გრაჩოვის მეთაურობით, გააჩაღა რა 1994 წლის მიწურულს დამპყრობლური ომი ჩეჩნეთში, რომელსაც 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მაცხოვრებელი შეეწირა, რაღაც დროს იწყო ჯოხარ დუდაევთან მოლაპარაკებებზე გასვლა. ეს საქმე ელცინმა და პრემიერმა ჩერნომირდინმა მიანდეს ტატარსტანის პრეზიდენტს, მინტიმირ შაიმიევს. გროზნოში ჩამოვიდა მისი წარმომადგენელი. ვიცეპრემიერ აჰმედ ზაკაევის თქმით, დუდაევს სატელიტურ ტელეფონზე ასევე ესაუბრებოდა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შეფი არკადი ვოლსკი. მან შეხვედრისას ჯოხარს გადასცა ელცინის და ჩერნომირდინის დანაბარები - დაეტოვებინა ჩეჩნეთი, რუსეთის ფედერაცია და გარკვეული ძალიან მაღალი ფულადი ანაზღაურების მიღების შემდეგ ეცხოვრა რომელიმე ქვეყანაში. რუსეთი თავის მხრივ ვალდებულებას იღებდა, რომ სისხლის-სამართლებრივ დევნას არ განახორიელებდა მის წინააღმდეგ. როდესაც ვოლსკიმ ეს დანაბარები გადასცა ჯოხარს, იგი მოიღუშა. შუამავალსაც საშინელმა ზაფრამ გადაუარა სახეზე. მაგრამ ჯოხარმა ღირსეულად მიუგო, რომ ეს მხოლოდ სხვების დანაბარებია, ეს მისი (ანუ ვოლსკის) სიტყვები ხომ არ არის. ამიტომ ჩემი თხოვნაა, ასევე პატიოსნად გადასცეთ ელცინს და ჩერნომირდინს, დაასრულონ ეს სამარცხვინო ომი და გაიყვანონ ჩეჩნეთიდან ჯარი. რატომ უყურებენ ასე ზერელედ და არასერიოზულად ამ საკითხებს? მაგალითად იმამ შამილი გასულ საუკუნეში ჩაბარდა რუსეთს, მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა და რა? არ გაგრძელდა ჩეჩნეთში წინააღმდეგობა?
ამის შემდეგ ვოლსკი არაერთხელ დალაპარაკებია ჯოხარს სატელიტურ ტელეფონზე, ისევე როგორც რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ბოროვოი. ამ საუბრებში ისინი არკვევდნენ და აზუსტებდნენ დეტალებს მისი და ბორის ელცინის სამომავლო შეხვედრაზე. მაგრამ ამავე დროს რუსეთის სამხედრო დაზვერვა გულმოდგინედ იკვლევდა შესაძლებლობას, როგორ დაედგინათ ზუსტი კოორდინატები იჩქერიის პრეზიდენტისა და სარაკეტო დარტყმით როგორ გაენადგურებინათ იგი. და 29 წლის წინ, გვიან ღამით ეს განხორციელდა გეხი-ჩუსთან. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში ჩანერგილმა აგენტურამ სატელიტური ტელეფონის მონაცემები, კოდები გადასცა რუსულ სამხედრო დაზვერვას, რის შემდეგაც მათ დაადგინეს კოორდინატები და რაკეტაც უზუსტესად მოხვდა მიზანს.
როდესაც მომდევნო დღეს, იჩქერიის წარმომადგენელმა ევროპაში, ხოჟაჰმედ ერიხანოვმა გამოაცხადა ეს სამწუხარო ამბავი, ბევრმა არც დაიჯერა. მხოლოდ რუსმა გენერლებმა სიამაყით განაცხადეს, რომ გაანადგურეს ჩეჩნური "ბანდფორმირებების" ლიდერი, თუმცა მალევე შეწყვიტეს მსგავსი განცხადებები, მიხვდნენ რა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არამარტო ჩაიდინეს, არამედ აღიარეს კიდეც.
ჯოხარმა და მისმა შეიარაღებულმა ძალებმა შესძლეს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი არმიის დაჩოქება პირველ ჩეჩნეთის ომში. საქართველოში ასევე დაუვიწყარია ზვიად გამსახურდიას ერთგული მეგობარი და მასპინძელი, რომელმაც გაბედა მისთვის თავშესაფრის მიცემა შიშით, ოპორტუნიზმით და ცრუპრაგმატიზმით გაჟღენთილ მსოფლიოში; რომელმაც კავკასიის ერთგულ შვილებთან ერთად დაიტირა საქართველოს პრეზიდენტი, და მასთან ერთად გააცისკროვნა თავისუფლების და ძმური თანადგომის გასაოცარი მისტერია კავკასიის უთეთრესი მწვერვალების ფონზე. დიდება იყოს შენი ჯოხარ, დარწმუნებული ვარ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და დედაღვთისა გიცნობენ შენ, ისევე როგორც ქართველთა დიდი, თავდადებული წინაპარნი; ხოლო შენი დიადი სულის წვა კვლავაც ნუგეშია, მაგალითია მსოფლიოს ყველა ღირსეული ადამიანისთვის."- წერს კონსტანტინე გამსახურდია.