ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ავრცელებს.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინფორმაციის თანახმად, განკარგულების პროექტი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ითვალისწინებს სახელმწიფო დეპარტამენტის რადიკალურ რესტრუქტურიზაციას, მათ შორის აფრიკაში მისი თითქმის ყველა ოფისის გაუქმებას და კონტინენტზე საელჩოებისა და საკონსულოების დახურვას.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო დეპარტამენტის შტაბ-ბინაში არსებული იმ ოფისების შემცირებას, რომლებიც მუშაობენ კლიმატის ცვლილების, ლტოლვილთა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე.

16-გვერდიანი ბრძანების პროექტის ასლის მიხედვით, რომელსაც შესაძლოა ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა ტრამპმა ამ კვირაში, ბრძანების მიზანია სახელმწიფო დეპარტამენტის „დისციპლინირებული რეორგანიზაცია“, „დავალებების შესრულების ოპტიმიზაცია“ და ამ გზით  თაღლითობის და თანამდებობის ბოროტად გამოყენების შემთხვევების და ხარჯების შემცირება. დეპარტამენტში ცვლილებები 1 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს.

პროექტის თანახმად, აფრიკის საქმეთა ბიუროს ჩაანაცვლებს აფრიკის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ბევრად უფრო მცირე ოფისი, რომელიც ანგარიშს წარუდგენს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს. ოფისი განიხილავს რამდენიმე საკითხს, მათ შორის „კოორდინირებულ კონტრტერორისტულ ოპერაციებს“ და „კრიტიკული ბუნებრივი რესურსების სტრატეგიულ მოპოვებასა და ვაჭრობას“.

პროექტში ასევე ნათქვამია, რომ საჰარის სამხრეთით მდებარე ყველა „მეორეხარისხოვანი“ საელჩო და საკონსულო  1 ოქტომბრისთვის დაიხურება.

დეპარტამენტი გააუქმებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს და საერთაშორისო ორგანიზაციების ბიუროს. დეპარტამენტში აღარ იქნებიან მინისტრის მოადგილეები, რომლებიც კურირებდნენ  პირველ ორ ბიუროს. უქმდება აგრეთვე სახალხო დიპლომატიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მინისტრის მოადგილის პოსტიც. 

გაუქმებას ექვემდებარება აგრეთვე კლიმატის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა.

გეგმების მცოდნე აშშ-ის ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირების თქმით, ბრძანების ხელმოწერას მოჰყვება მოთხოვნა, გაათავისუფლონ როგორც პროფესიონალი დიპლომატები, რომლებიც ცნობილია როგორც დიპლომატიური სამსახურის პერსონალი, ასევე საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ჩვეულებრივ მუშაობენ სააგენტოს შტაბ-ბინაში ვაშინგტონში. მათივე თქმით, დეპარტამენტი ანაზღაურებად შვებულებაში დიდი რაოდენობით თანამშრომლების გაგზავნას და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობების გაგზავნას დაიწყებს.

პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი ახალბედა დიპლომატებისთვის დიპლომატიური სამსახურის გამოცდის გაუქმებას ითვალისწინებს და ადგენს სამსახურში მიღების ახალ კრიტერიუმებს, მათ შორის კანდიდატთა შეხედულებების „პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური შეხედულებებთან შესაბამისობას“.

პროექტის მიხედვით, 30 სექტემბრამდე დეპარტამენტი დიპლომატიური და საჯარო სამსახურების თანამშრომლებს ანაზღაურებას შესთავაზებს.

რეზოლუციის პროექტი ასევე ითვალისწინებს ფულბრაიტის სტიპენდიების რაოდენობის შემცირებას და ჰოვარდის უნივერსიტეტთან კონტრაქტის შეწყვეტას.