პენტაგონი მზადაა, უკრაინას გადასცეს შორი დისტანციის ATACMS–ის რაკეტები, რომელთა მოქმედების მანძილი 180 მილზე მეტია (დაახლოებით 290 კმ). იტყობინება The Wall Street Journal.
მანამდე პენტაგონის ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ აშშ-ის სამხედროებს უნდა შეენარჩუნებინათ შორ მანძილზე მოქმედი ყველა ATACMS საკუთარი სამხედრო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, აშშ-ს სამხედრო უწყება ახლა ღიაა უფრო დიდი მანძილის ATACMS-ების გადაცემისთვის, რადგან ამერიკელ სამხედროებს უკვე შეუძლიათ, გამოიყენონ მაღალი სიზუსტის რაკეტების შემდეგი თაობა, – აცხადებენ ამერიკელი ოფიციალური პირები.
ამავე დროს, მათ არ უთქვამთ, დაამტკიცებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უფრო შორი მანძილის ATACMS-ის გადაცემას, ვიდრე უკრაინამ უკვე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების დახმარების პაკეტის გადაცემა. მედიის ცნობით, ის მოიცავს ATACMS რაკეტებს, რომელთა მანძილი 160 კილომეტრამდეა.