უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატების "სამშვიდობო გეგმას" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ ღირსეული პირობებით.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის პოზიცია ომის დაწყებიდან უცვლელი რჩება.
"ომის პირველი დღეებიდან ვიცავდით ერთ ძალიან მარტივ პოზიციას: უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა, რომელიც არ დაირღვევა. გვჭირდება ღირსეული მშვიდობა ისეთი პირობებით, რომლებიც პატივს სცემს ჩვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და უკრაინელი ხალხის ღირსებას", – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესაუბრა ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდერ სტუბს, ასევე მუდმივ კონტაქტზეა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან.
ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა შეერთებულ შტატებთან არსებულ ურთიერთობაზეც.
"მომდევნო დღეებში პრეზიდენტ ტრამპს გავესაუბრები. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ამერიკის ძალასა და მხარდაჭერას შეუძლია, მშვიდობასთან დაგვაახლოოს და ჩვენ არ გვინდა ამის დაკარგვა. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ რუსეთს მშვიდობის რეალური სურვილი არ აქვს. შეერთებულ შტატებს აქვს ძალა, უზრუნველყოს, რომ რუსეთის სურვილი, საბოლოოდ დაასრულოს ომი, სერიოზული გახდეს", – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.








