აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 19 ნოემბერს თურქეთში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავდა ახალი "სამშვიდობო გეგმის" განსახილველად, თუმცა შეხვედრა არ შედგა, რადგან უკრაინის პრეზიდენტი სხვა გეგმით ჩავიდა. გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უიტკოფი ანკარაში ჩასვლას და სამმხრივი შეხვედრის გამართვას გეგმავდა ზელენსკისთან და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან.
გამოცემის წყარომ თქვა, რომ შეხვედრა გადაიდო, როდესაც გაირკვა, რომ ზელენსკი არ იყო დაინტერესებული აშშ-ის გეგმის განხილვით.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ამის ნაცვლად, ზელენსკი ანკარაში სხვა გეგმით გაემგზავრა, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად შემუშავდა და რომელსაც რუსეთი არასოდეს მიიღებს.
უკრაინელმა ჩინოვნიკმა კი განაცხადა, რომ შეხვედრა გადაიდო, რადგან ზელენსკიმ მოითხოვა გეგმის განხილვა უფრო ფართო ფორმატში, რომელიც ევროპის ქვეყნებსაც მოიცავდა.
კიდევ ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე საშინაო პოლიტიკურმა სკანდალმა, რომელიც ზელენსკის გარემოცვის წინააღმდეგ კორუფციულ გამოძიებას უკავშირდება, ასევე იქონია გავლენა შეხვედრის გადადებაზე.
მან აღნიშნა, რომ ტრამპმა უიტკოფს უფლება მისცა, თურქეთში ზელენსკისთან შეთანხმების მიღწევა ეცადა და მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილებას.
"ახლა ჩვენ დავიცდით. ბურთი ზელენსკის მხარესაა," – თქვა ამერიკელმა ჩინოვნიკმა.მან ხაზი გაუსვა, რომ ზელენსკის შეუძლია ვაშინგტონში ჩასვლა აშშ-ის ახალი გეგმის განსახილველად.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ახალი 28-პუნქტიანი "სამშვიდობო გეგმა" უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოიცავს მთელი დონბასის რუსეთისთვის გადაცემას, უკრაინის არმიის განახევრებას და რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას.
Axios-ის ინფორმაციით, გეგმა შეიმუშავეს სტივენ უიტკოფმა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.
თეთრ სახლში ოპტიმისტურ იმედს გამოთქვამენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების ჩარჩოს თვის ბოლომდე შეათანხმებენ.








