უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 48 რაკეტა და 470-ზე მეტი დრონი გამოიყენა, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება ტერნოპილში, სადაც თავდასხმების შედეგად 9-სართულიანი საცხოვრებელი შენობაა ჩამონგრეული და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ.
"ტერნოპილში ცხრასართულიანი საცხოვრებელი შენობები დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი ნგრევაა და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე ადამიანები იყვნენ. ამ დროისთვის ათობით ადამიანი დაშავდა და, სამწუხაროდ, ცხრა ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. ასევე, საღამოს დაიწყო მასშტაბური იერიში ხარკოვის წინააღმდეგ. ქალაქში ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები, ტრანსპორტი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ასევე თავს დაესხნენ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ლვოვის რეგიონში რუსეთის სამიზნედ კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული ობიექტები იქცა. დონეცკის რეგიონში ერთი ადამიანი დაშავდა. თავს დაესხნენ კიევის, ნიკოლაევის, ჩერკასის, ჩერნიგოვისა და დნეპრის ოლქებსაც". - წერს ზელენსკი.








