Wall Street Journal (WSJ) ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია გააგზავნა.
გამოცემას აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირები უყვებიან, რომ ეს ნაბიჯი აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების აღდგენის უახლეს მცდელობას წარმოადგენს.
გამოცემის მიხედვით, აშშ-ს არმიის მდივანი დენ დრისკოლი, ორი გენერლის თანხლებით, ზელენსკისა და სხვა უკრაინელი ოფიციალური პირების, ასევე სამრეწველო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრებს გეგმავს. მოგვიანებით დრისკოლი რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრასაც აპირებს.
WSJ-ის ცნობით, თეთრმა სახლმა დრისკოლისა და მაღალი რანგის სამხედრო პირების ჩართვა ნაწილობრივ იმ რწმენის გამო გადაწყვიტა, რომ მოსკოვი შესაძლოა უფრო გახსნილი იყოს სამხედრო შუამავლობით მოლაპარაკებებზე, და ნაწილობრივ იმ იმედგაცრუებების გამო, რომელიც წინა დიპლომატიურმა მცდელობებმა გამოიღო.
გამოცემასთან ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ დრისკოლი უკრაინაში "იქ არსებული ვითარების უკეთ გასაცნობად" მიემგზავრება.
სხვა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ დრისკოლის მისია ტრამპის სახელით სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენაა.








