"მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ნახოს, რას აკეთებს ახლა რუსეთი, ყოველი ნაბიჯი, ყოველი თავდასხმა, რადგან ეს ნამდვილად არ ნიშნავს ომის დასრულებას". 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ხერსონის და ჩერნიგოვის რეგიონებში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ზელენსკის განცხადებით, რუსებმა ასევე იერიში მიიტანეს დნეპრისა და ჩერკასის რეგიონებზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ნახოს, რას აკეთებს ახლა რუსეთი, ყოველი ნაბიჯი, ყოველი თავდასხმა, რადგან ეს ნამდვილად არ ნიშნავს ომის დასრულებას. ისინი კვლავ ცდილობენ ჩვენი სახელმწიფოს განადგურებას და ჩვენი ხალხისთვის რაც შეიძლება მეტი ტკივილის მიყენებას. ამიტომ გვჭირდება მხარდაჭერა ყველაფერში, რაც ხელს შეუწყობს სიცოცხლის დაცვას და ამ ომის დასრულებას: საჰაერო თავდაცვისა და ფრონტის ხაზზე მყოფი ჩვენი ჯარისკაცების გაძლიერება, ჩვენი შორი დისტანციის შესაძლებლობების გაზრდა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა. ჩვენი ყველა დიპლომატიური ძალისხმევა ეფექტური რომ იყოს, ჩვენ უნდა მოვახდინოთ აგრესორზე ზეწოლა, რათა მათ დაასრულონ ომი. ომი, რომელიც მათ დაიწყეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ღამით, ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ადმინისტრაციული შენობა, სამოქალაქო შენობები და სახანძრო მანქანა. ამჟამად ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს. პარალელურად, ნიკოლაევის რეგიონში მასშტაბური თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაშავდა.