პარიზის სასამართლომ ულტრამემარჯვენე ინფლუენსერს ფულადი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ განაჩენის გამოტანისას გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ „ბრალდებულის მხრიდან საკუთარი პოზიციის გადახედვის თუ სინანულის რაიმე მცდელობა არ ყოფილა“.
ულტრამემარჯვენე ინფლუენსერი ტაის დ’ესკიუფონი ხუთშაბათს, 18 ივნისს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო „წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ეროვნებისა თუ რასის ნიადაგზე საჯარო შეურაცხყოფის მიყენებაში“.
ტელეკომპანია BFMTV-ის მიერ მოპოვებული სასამართლო განაჩენის თანახმად, მას 1 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა იმ ანტიიმიგრაციული განცხადებების გამო, რომლებიც 2023 წლის 18 დეკემბერს, BFMTV-ის პირდაპირ ეთერში გააჟღერა.
აღნიშნულ დღეს, ან-ტაის დიუ ტერტრი (საზოგადოებისთვის ცნობილი ფსევდონიმით „ტაის დ’ესკიუფონი“) ტელეკომპანიის ეთერში სადებატოდ მიიწვიეს. გადაცემა ეხებოდა რეზონანსულ საქმეს — საფრანგეთიდან დეპორტაციის მოთხოვნის მქონე (OQTF) პირის მიერ ჩადენილ გაუპატიურებას. ულტრამემარჯვენე და ამჟამად უკვე გაუქმებული დაჯგუფების, „Génération identitaire“-ის ყოფილმა პრესსპიკერმა „უკონტროლო იმიგრაცია“ მკაცრად გააკრიტიკა.
მან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ „დღეს საფრანგეთში ქალებისთვის პირველი და მთავარი საფრთხე იმიგრაცია და მისი სავალალო შედეგებია“.
პირდაპირ ეთერში დ’ესკიუფონს BFMTV-ის ჟურნალისტი შეეკამათა და აღნიშნა: „ქალებისთვის მთავარი საფრთხე კაცები არიან, ზოგადად კაცები...“, რაზეც ინფლუენსერმა უპასუხა: „დიახ, კაცები - კერძოდ შავკანიანი აფრიკელი და არაბი იმიგრანტები“.
ჟურნალისტმა რესპონდენტის რეპლიკის შესწორება სტუდიაშივე სცადა: „ქალებზე მოძალადეების აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცია, მათი წარმოშობის მიუხედავად. ქალების მიერ შეტანილი საჩივრების ნახევარი სწორედ მათთვის ნაცნობი ადამიანების - მეუღლის, პარტნიორის, ნათესავის, მეგობრის ან თანამშრომლის წინააღმდეგაა მიმართული“.
აღნიშნული დიალოგი, განსაკუთრებით კი რეპლიკა „შავკანიანი აფრიკელი და არაბი იმიგრანტების“ შესახებ, სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა. ეთერიდან მეორე დღესვე, რასიზმის, ანტისემიტიზმისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი დელეგაციის (DILCRAH) ხელმძღვანელმა, ოლივიე კლაინმა მიმართა პარიზის პროკურატურას და მომხდარზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა.




