უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან დახურულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებზე, ტერიტორიულ საკითხებსა და მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ილაპარაკა.

"ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი უფლება უკრაინული სამართლით, ჩვენი კონსტიტუციით ან საერთაშორისო სამართლით - და გულწრფელად, არც არანაირი მორალური უფლება. რა თქმა უნდა, რუსეთი განაგრძობს მოთხოვნას, რომ ჩვენ ტერიტორიები დავთმოთ. ჩვენ აბსოლუტურად არ გვსურს რაიმეს დათმობა და ამისთვის ვიბრძვით, როგორც ეს ძალიან კარგად იცით. დღეს ამერიკელები კომპრომისს ეძებენ, გულწრფელი ვიქნები." - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტ კატერინა ლისუნოვას მიხედვით.

ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტიების მიღება უკრაინას აშშ-სგან შეუძლია და განმარტა, რომ პოტენციური შეთანხმება აშშ-ს კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, რათა იურიდიულად სავალდებულო იყოს.

"რა თქმა უნდა, თუ ეს არ იქნება ბუდაპეშტის მემორანდუმი ან ცარიელი დაპირებები, არამედ იქნება იურიდიულად სავალდებულო, აშშ-ს კონგრესში კენჭისყრით მიღებული - ამაზე ვლაპარაკობთ. ჯერჯერობით ისინი პოზიტიურად პასუხობენ ასეთ ნაბიჯებს." - დაამატა მან უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას.

ამას გარდა, კითხვაზე, ენდობა თუ არა იგი ამერიკულ მხარეს მოლაპარაკებებში, ზელენსკიმ უპასუხა, რომ პრეზიდენტ ტრამპს თავისი ხედვა აქვს, თუმცა დაამატა, რომ ომის დამთავრების სურვილი აშშ-ს მხრიდან თამაშს არ წარმოადგენს.

"ძალიან მძიმეა, როცა არ არის ელექტროენერგია, როცა დაღლა იგრძნობა და ა.შ. - ყველას უნდა ომის დამთავრება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ დამთავრდება და რა პირობებით, რათა არ იყოს ომის განმეორების რისკი. ჩვენ უბრალოდ რუსეთს არ ვენდობით." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.