უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "არავინ დათანხმდება" ისეთ ომზე, რომელიც კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება, თუმცა თუკი ომი კიდევ გაიწელება, უკრაინა შეეცდება, რომ არჩევნების ჩატარების საკითხი მოაგვაროს.

გამოცემა BBC-სთან ინტერვიუში ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, იქნება თუ არა იგი ქვეყნის პრეზიდენტი, თუკი ომი დამატებით 10 წელს გაგრძელდება, რადგან კრიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინა ამ შემთხვევაში დემოკრატია აღარ იქნება.

"პირველ რიგში, არავინ დათანხმდება ომს, რომელიც დამატებით 10 წელს ან მრავალ წელს გაგრძელდება. ეს ძალიან რთულია, რთულია მსოფლიოსთვის, რთულია ყველასთვის. და მგონია, რომ ეს რეალურად შეუძლებელია.

შემდეგ, ძალიან ბევრი მსხვერპლი იქნება. ეს არ უნდა დავუშვათ. ეს მეორე.

მესამე, სიამოვნებით ჩავატარებდი არჩევნებს, ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო. და თუ ომი გაიწელება, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომის გახანგრძლივება არ დავუშვათ, მაგრამ თუ გაიწელება, ერთი ან მეორე გამოსავლის პოვნა მოგვიწევს" - უპასუხა ზელენსკიმ.