უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო, აშშ-ის ინიციატივით გადაიდო.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან კომუნიკაცია ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარტნიორების ყურადღება ირანის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეა მიმართული, რის გამოც, ამერიკულმა მხარემ დაგეგმილი შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
„ამჟამად პარტნიორების პრიორიტეტი და მთელი ყურადღება ირანის გარშემო არსებულ ვითარებისკენაა მიმართული, ამიტომ შეხვედრა, რომელიც ამ კვირაში უნდა გამართულიყო, ამერიკული მხარის წინადადებით გადაიდო”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის ნებისმიერ დროს, იმ ფორმატში, რომელიც ომის დასრულებას რეალურად შეუწყობს ხელს.
ზელენსკის თქმით, მომლაპარაკებელთა გუნდს დაავალა, კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ ამერიკელ კოლეგებს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ უკრაინის მზადყოფნა უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით დრონებისგან თავდაცვის მიმართულებით და ასევე კიდევ ერთხელ გამოხატონ მზადყოფნა, კონსტრუქციულად იმუშაონ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასასრულებლად.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ამჟამად ცდილობს ახლო აღმოსავლეთში და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული სიტუაციით მანიპულირებას საკუთარი აგრესიის გასაძლიერებლად.
„ვხედავთ, რომ რუსები ცდილობენ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები გამოიყენონ, რათა ირანის რეჟიმის მიერ მეზობლებზე და ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული დარტყმები რუსეთის ომის მეორე ფრონტად აქციონ უკრაინისა და მთლიანად დასავლეთის წინააღმდეგ. ამის დაშვება არ შეიძლება“, – წერს ზელენსკი.









