ჩვენ მივიღეთ დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი პროექტი, რამდენი სიმძლავრით ესაჭიროება ქვეყანას შემდეგი 5 და 10 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ „გრედას“გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი აბრამიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შესამჩნევია ის ხელშეწყობა და მონდომება, რომელიც საჯარო სექტორის ახალ გუნდს აქვს იმისათვის, რომ განვითარდეს ენერგეტიკა. ფაქტობრივად მიძინებული პროექტები და სექტორი, რომელიც დიდი ხანია, მორატორიუმის ტიპის მდგომარეობაში იყო, გაცოცხლდა. ჩვენ მივიღეთ დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი პროექტი, რამდენი სიმძლავრით ესაჭიროება ქვეყანას შემდეგი 5 და 10 წლის განმავლობაში. საუბარია, რომ პირველი 5 წლის განმავლობაში 4000 მგვტ დამატებითი სიმძლავრე შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით, ჯამში, 4500 მგვტ-ია ჩვენი სიმძლავრე, აქედან გამომდინარე, გაორმაგება ჩვენი სიმძლავრის 5 წლის განმავლობაში არის ძალიან სერიოზული მესიჯი ჩვენი ინვესტორებისთვის“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.
ცნობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, რომელიც „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა, მინისტრმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც ხელისუფლების ინიციატივით ენერგეტიკის სექტორის 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელდება, მათ შორის, ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა, მუნიციპალიტეტებში გენერაციის ობიექტების საშემოსავლო გადასახადის განაწილების წესის ცვლილება, ჯარიმების პატიება, ხუთმეგავატიანი ელექტროსადგურების ხელშეწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.




