სახელმწიფოს როლის, ჩართულობის და აქტივობების გარეშე დარგის განვითარება შეუძლებელია. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძო სექტორი ვგრძნობთ სახელმწიფოს როლს და ჩართულობას, - განაცხადა შპს „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელმა, ნინო გადელიამ.

„სახელმწიფოს როლის, ჩართულობის და აქტივობების გარეშე დარგის განვითარება შეუძლებელია. პირდაპირ და გახსნილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძო სექტორი ვგრძნობთ სახელმწიფოს როლს და ჩართულობას, რადგან ეს შეხვედრებიც პირდაპირ გავლენას ახდენს რეალურად სექტორის განვითარებაზე, რომ გამჭვირვალედ ხდება პროცესის წარმართვა, ინფორმაციის გაზიარება იმის შესახებ, თუ რა გამოწვევებია, რა გეგმები ისახება, როგორ მოხდება ინფრასტრუქტურისა და გენერაციის ობიექტების განვითარება“, - აღნიშნა გადელიამ.

ცნობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე,  რომელიც  „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა, მინისტრმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც ხელისუფლების ინიციატივით ენერგეტიკის სექტორის 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელდება, მათ შორის, ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა, მუნიციპალიტეტებში გენერაციის ობიექტების საშემოსავლო გადასახადის განაწილების წესის ცვლილება, ჯარიმების პატიება, ხუთმეგავატიანი ელექტროსადგურების ხელშეწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები.

 როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის  საქართველოში დადგმულმა  სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს  ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის  დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.