New York Times-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის მასშტაბების ზრდის ფონზე, უკრაინამ იორდანიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად დრონების ექსპერტთა ჯგუფი და დრონსაწინააღმდეგო დრონები გაგზავნა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-მ უკრაინას თხოვნით ხუთშაბათს, 5 მარტს, მიმართა და უკრაინამ ექსპერტთა ჯგუფი მომდევნო დღესვე გაგზავნა.
"ჩვენი მხრიდან რეაგირება მყისიერი იყო," განუცხადა ზელენსკიმ NYT-ის რეპორტიორს, კიმ ბარკერს კიევისკენ მიმავალ მატარებელზე მგზავრობისას: "მე ვუთხარი, დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენს ექსპერტებს გამოგიგზავნით-მეთქი." - დაამატა მან.
ბარკერი წერს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების წამოწყებით უკრაინას შესაძლებლობა მიეცა, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლით მიღებული გამოცდილება ახლო აღმოსავლეთში გამოიყენოს, რისთვისაც უკრაინამ აშშ-ს ძალებსა და რეგიონში მათ მოკავშირე ქვეყნებს თავდაცვის მხრივ დახმარება შესთავაზა ისეთი სახის ირანული დრონების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთი უკვე წლებია, რაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.








