მთავარი მიზანია, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება საკუთარი ენერგეტიკული რესურსებით მივაღწიოთ, - განაცხადა საქართველოს ბიზნესს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.
„ვხედავთ, რომ არის აქტიური მოძრაობა - იმ ძველი პრობლემების მოგვარება, რომლებიც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა; იმ საკითხების გადაწყვეტა, რომლებსაც ინდივიდუალურად პროექტების სახით საჭიროა, მეტი ყურადღება დაეთმოს და ა.შ. ასე რომ, გაჩერებული სექტორი გადადის აქტიურ მოძრაობაში და ამ აქტიური მოძრაობის შედეგი უნდა იყოს ის ინვესტიციები, რომლებიც ამ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს და ყველაზე მთავარი მიზანი, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება საკუთარი ენერგეტიკული რესურსებით მივაღწიოთ“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
ცნობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, რომელიც „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა, მინისტრმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც ხელისუფლების ინიციატივით ენერგეტიკის სექტორის 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელდება, მათ შორის, ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა, მუნიციპალიტეტებში გენერაციის ობიექტების საშემოსავლო გადასახადის განაწილების წესის ცვლილება, ჯარიმების პატიება, ხუთმეგავატიანი ელექტროსადგურების ხელშეწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.







